ფეხბურთი

16:04 | 5.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედია" - ჯგუფის ჩემპიონი დამაჯერებლად

"სამტრედიამ" "წითელი ჯგუფის" ჩემპიონობა გაინაღდა. გია ცეცაძის გაწვრთილებმა სტუმრად 3:1 სძლიეს მეორეადგილოსან ფოთის "კოლხეთს" და მთლიანობაში, დამაჯერებლად დაიკავეს პირველი ადგილი. 10 მატჩიდან გუნდმა 7 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა.

შესაბამისად, საჩემპიონო ფინალში "სამტრედია" შეხვდება საჩხერის "ჩიხურას", რომელმაც ასევე გაინაღდა თავის ჯგუფში პირველობა.

ფოთელებთან მატჩში დუბლი მიითვალა სამტრედიელთა წამყვანმა ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ და ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა - 9 გოლი აქვს აქტივში. ერთი გოლი დავით რაჟამაშვილმა გაიტანა,ხოლო ფოთელთაგან გურამ ლუკავამ პენალტი გამოიყენა.

"კოლხეთი" მეორე ადგილზე დარჩა, თუმცა ერთი მატჩიღა დარჩა გასამართი,ხოლო მესამეადგილოსანი ბათუმის "დინამო" ერთი ქულით ჩამორჩება ფოთელებს და თამაშით ნაკლები აქვს.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში გორის "დილა" შინ ფრეზე გაეყარა "საბურთალოს" - 0:0. ეს შედეგი უფრო საბურთალოელებს აწყობდათ, რომლებიც მეოთხე ადგილზე დარჩნენ. "დილა" კი ისევ მეხუთეზეა.

წითელი ჯგუფი

კოლხეთი (ფოთი) - სამტრედია 1:3 (0:3)

გოლები: 0:1, 0:2 ზივზივაძე (25, 40), 0:3 რაჟამაშვილი (43), 1:3 ლუკავა (52 პენ)

მე-60 წუთზე ჯღამაიამ (კოლხეთი) ვერ გაიტანა პენალტი

დილა (გორი) - საბურთალო 0:0

ხვალ გაიმართება წითელი ჯგუფის კიდევ ერთი მატჩი: "ზუგდიდი"-"სიონი".

ასევე, "თეთრი ჯგუფის" სამივე შეხვედრაც: "ლოკომოტივი" - "ცხინვალი", "შუქურა" - "დინამო თბ", "ტორპედო" - "გურია".

0.128181