ფეხბურთი

15:24 | 3.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

დავით მუჯირი: " ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ოთხთა ტურნირზე ძლიერი გუნდები ჩამოსულიყვნენ"

3 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია ცენტრში, 9-14 ნოემბერს დანიშნული 19-წლამდელთა საერთაშორისო ოთხთა ტურნირის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ პრესკონფერენცია გამართეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა აღნიშნული ტურნირის მნიშვნელობასა და საქართველოში 2017 წელს ჩასატარებელი 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრეს.

დავით მუჯირი: „მოგეხსენებათ, 2017 წელს ჩვენი ქვეყანა ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს, რომელიც 2-დან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ პერიოდს, 9-14 ნოემბერს თბილისსა და გორში საერთაშორისო ოთხთა ტურნირი გაიმართება, რომლის ფარგლებში საქართველოს ესპანეთის, საფრანგეთისა და ჰოლანდიის ნაკრებები ესტუმრებიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ აღნიშნულ ტურნირზე ძლიერი გუნდები ჩამოსულიყვნენ, რადგან ფინალურ ეტაპზე ჩვენთან ერთად 7 უძლიერესი ევროპული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. მოლაპარაკებების შედეგად კი, შეთანხმებას მივაღწიეთ სამ ძლიერ ნაკრებთან, რომლებიც ელიტარულ გუნდებად ითვლებიან არა მხოლოდ 19-წლამდელებში არამედ ეროვნულ ნაკრებთა დონეზეც.ასევე მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე დაწესდება ორი ინდივიდუალური პრიზი, დავით ყიფიანის სახელობის პრიზი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა, ხოლო საუკეთესო ბომბარდირს რამაზ შენგელიას სახელობის პრიზს გადავცემთ. წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს ფინალურ ეტაპზე და მსურს, რომ ეს მოსამზადებელი ტურნირიც მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოვიყენოთ.“

კახა ჭუმბურიძე: „აღსანიშნავია, რომ ასეთი ღონისძიებებით განებივრებული არ ვიყავით. ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და მას განვიხილავთ, როგორც ერთ-ერთ მოსამზადებელ ეტაპს ევროპის 2017 წლის ჩემპიონატისთვის. ტურნირის მონაწილე გუნდებს არ სჭირდებათ წარდგენა, ყველას კარგად მოგვეხსენება თუ რა სიძლიერის ნაკრებები ჰყავთ ამ ქვეყნებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. ამიტომაც მიმაჩნია, რომ მწვრთნელებს ეძლევათ კარგი საშუალება, შეაფასონ ფეხბურთელები. ჩვენი ნაკრების ბირთვი ჩამოყალიბებულია, დანარჩენი კი - გამოჩნდება, თუ ვინ შეძლებს, გააძლიეროს გუნდი, ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების ღირსეული ასპარეზობისათვის.“

19-წლამდელთა ოთხთა ტურნირის მატჩების განრიგი:

9 ნოემბერი

ჰოლანდია-საფრანგეთი (თბილისი. "მიხეილ მესხი 2". 12:00 სთ.)

საქართველო-ესპანეთი (თბილისი. "მიხეილ მესხი". 15:00 სთ.)

11 ნოემბერი

ჰოლანდია-ესპანეთი (თბილისი. "მიხეილ მესხი 2". 12:00 სთ.)

საქართველო-საფრანგეთი (გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 15:00 სთ.)

14 ნოემბერი

საფრანგეთი-ესპანეთი (თბილისი. "მიხეილ მესხი 2". 15:00 სთ.)

საქართველო-ჰოლანდია (თბილისი. "მიხეილ მესხი". 15:00 სთ.)

სფფ-ის პრესსამსახური

0.11416