პერმის “ამკარის” მცველი გიორგი ჯიქია რუსეთის ნაკრებში გამოიძახეს. 22 წლის ფეხბურთელი, რომლის მიმართ ინტერესს საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი იჩენდა და როგორც ცნობილია, ფეხბურთის ფედერაცია მის ჩამოსაყვანად მოლაპარაკებას აწამოებდა, რუსეთის ნაკრების თავკაცმა სტანისლავ ჩერჩესოვმა ნოემბრის ამხანაგური მატჩების წინ გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა. მართალია, ჯიქია ძირითად 24 ფეხბურთელს შორის არაა, თუმცა რუსეთის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ის, ცსკა-ს მცველ მარიო ფერნანდესთან ერთად, მოსამზადებელ შეკრებაზე იქნება და არაა გამორიცხული, ყატართან (10 ნოემბერს) და რუმინეთთან (15 ნოემბერს) დანიშნულ სპარინგ-მატჩებში მონაწილეობა მიიღოს.
ჯიქიას შესახებ ჩერჩესოვს ჟურნალისტებმა ჰკითხეს - ხომ არაა რუსეთის ნაკრებში მისი გამოძახება გამოწვეული იმით, რომ ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში თამაში არ აირჩიოს, რაზეც მწვრთნელმა ასე უპასუხა:
“ის პირველივე დღიდან ჩვენს გაფართოებულ სიაშია. არ ვიცი საიდანაა ის და ვისია... ჩვენ არავისთან შეჯიბრს არ ვაპირებთ. ეს არაფერ შუაშია. არც ვიცი და არც მაინტერესებს საქართველოსთან დაკავშირებული სიტუაცია” - ციტირებს ჩერჩესოვის სიტყვებს championat.com.
გიორგი ჯიქია 1993 წლის 21 ნოემბერს მოსკოვში დაიბადა და რუსეთის მოქალაქეა. 2011-2013 წლებში მოსკოვის “ლოკომოტივის” მეორე გუნდში თამაშობდა, 2014 წელს ნალჩიკის “სპარტაკში”, 2014-2015 წლებში “ხიმიკში”, 2015 წლიდან კი “ამკარის” წევრია. ახალგაზრდა ფეხბურთელი წელს რუსეთის პრემიერლიგაში კარგ სეზონს ატარებს, გუნდის ყველა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და მაღალი შეფასებებიც მიიღო.