ლეგიონერთა ამბებიდან, გასულ უქმეებზე გამოსარჩევი იყო ნიკა კაჭარავას პოკერი. "ეთნიკოსის" ქართველმა ფორვარდმა ოთხჯერ გაუტანა "კარმიოტისას" და თანაც, ნაირ-ნაირი გემოვნების გოლები (VIDEO). განსაკუთრებით ლამაზი გამოდგა მაკრატელა, აუტიდან ჩაწოდებულ ბურთს ნიკამ ერთ შეხებაში მიაყოლა ეფექტური დარტყმა.
ბოლო წლებში ქართველ თავდამსხმელთა შედეგიანი თამაშით განებივრებულნი არ ვართ. ათიოდე დღის წინ დავით სხირტლაძემ გამოიჩინა თავი, "სილკებორგის" შემტევმა დანიის ჩემპიონატში სამჯერ გაუტანა "ვიბორგს" და მისმა "სილკებორგმა" 3:1 იმარჯვა (VIDEO).
გავიხსენოთ, სხვა პოკერი ან ჰეთ-თრიქი ლეგიონერთა მხრიდან: წლეულს სხვა არ ყოფილა, მხოლოდ ეს ორი გამოერია. ვგულისხმობთ ასე თუ ისე ნორმალური დონის ეროვნულ ჩემპიონატებში გამართულ მატჩებს.
2014 წელს, არნემის "ვიტესის" მაისურით, ვაკო ყაზაიშვილმა "დორდრეხტს" გაუტანა სამი გოლი (6:2). იმავე წელს, ირაკლი სირბილაძემ ფინეთში, ტპს-"ინტერის" შეხვედრაში (1:6) გამოიჩინა თავი. 2013 წელს ლადო დვალიშვილმა პოლონურ "კორონასთან" გაახერხა ჰეთ-თრიქი (5:3) - იმ დროს ლადო ვარშავის "ლეგიაში" გამოდიოდა.
ჩვენი ლეგიონერებიდან ყველაზე ხშირად ჰეთ-თრიქებს შოთა არველაძე ასრულებდა და უნიკალურია იმ მხრივ, რომ მსგავსი მიღწევა ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში (საქართველო, თურქეთი, ჰოლანდია, შოტლანდია) ჰქონია. არველაძეს ევროტურნირებიც არ დაუტოვებია ჰეთ-თრიქის გარეშე, კერძოდ, "აიაქსში" თამაშისას სლოვენიურ "მარიბორს" გაუტანა 3 გოლი. სამ ქვეყანაში (საქართველო, რუსეთი, უკრაინა) იგივე მოუხერხებია გიორგი დემეტრაძეს...
შოთა არველაძე ერთადერთი ქართველია, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ჰეთ-თრიქი მიუთვლია. ეს ორჯერ მოახერხა: საქართველო-სომხეთი 7:0, ფარერები-საქართველო 0:3.
ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც დიდი ოთხეულის ჩემპიონატში ჰეთ-თრიქი შეუსრულებია, გახლავთ ალექსანდრე იაშვილი. ეს მოხდა 2003 წელს, როცა "ფრაიბურგმა" 3:2 სძლია "ვოლფსბურგს"
საკლუბო დონეზე, ყველაზე ხმაურიანი ჰეთ-თრიქის გასახსენებლად ნახევარი წუთიც არაა საჭირო. ეს ჩემპიონთა ლიგაში იყო... ლევან კობიაშვილმა 2005 წლის 24 ნოემბერს "შალკე"-პსვ-ის შეხვედრაში ორი პენალტი გაიტანა და ერთიც ხარიხიდან ასხლეტილ ბურთს დაამატა – 3:0 მოიგეს "ხუმარებმა".