ფეხბურთი

20:05 | 29.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძემ სეზონი 5:0 მოგებით დაასრულა, ქვილითაიამ ავსტრიაში საგოლე პასი მიითვალა

ყაზახეთის ჩემპიონატში ბოლო ტური გაიმართა და კახა ცხადაძის გაწვრთნილმა "ქაირათმა" 5:0 გაანადგურა "ოკჟეპტესი". "ქაირათი" მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩა ჩემპიონ "ასტანას". ცხადაძე აპრილიდან წვრთნის ალმათელებს და მისი მისვლისას გუნდი ცხრილის ქვედა ნაწილში იყო.

შოთა გრიგალაშვილის "ირტიშმა" შინ სწორედ "ასტანასთან" ითამაშა - 0:0. ქართველი ნახევარმცველი 90 წუთი გაისარჯა, მისმა გუნდმა კი მესამე ადგილზე დაასრულა ჩემპიონატი.

მეოთხეზე გავიდა გოგიტა გოგუასა და ოთარ მარცვალაძის "ორდაბასი", რომელმაც "აქტობეს" 2:1 აჯობა. ქართველები სასტარტოში იყვნენ და ორივენი მეორე ტაიმში შეცვალეს.

ესტონეთში ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" ბოლოსწინა ტურში დაკარგა ჩემპიონობის შანსი. "ფლორამ' შინ 3:3 ითამაშა "სილამაიესთან" და მესამეზეა, ოთხი ქულით ჩამორჩა ლიდერ "ინფონეტს". ბეგლარიშვილმა აკვლავ შეუცვლელად ითამაშა.

ავსტრიაში ვენის "რაპიდმა" გასვლაზე 2:1 სძლია "ადმირას" და მეხუთე ადგილზეა. გიორგი ქვილითაია "რაპიდის" სასტარტოში გახლდათ და 70-ე წუთამდე ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა საგოლე პასი მიითვალა.

უკრაინაში დავით ხოჭოლავას "ჩერნომორეცმა" დონეცკის "შახტართან" სტუმრად 0:2 წააგო და მეექვსე ადგილზეა. ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა და საკმაოდ კარგადაც, ყველაზე ხშირად მას გამოჰქონდა ბურთი საკუტარი საჯარიმოდან. ხოჭოლავამ მეორე ტაიმის შუაში გაფრთხილებაც მიიღო.

პოლონეთში ლაშა დვალის "შლიონსკმა" სტუმრად 3:0 სძლია ლეჩნას "გურნიკს", რომლის განაცხადში ნიკა ძალამიძე არ ყოფილა. დვალს რაც შეეხება, შეუცვლელად და სტაბილურად ითამაშა. ქართველის გუნდი მეექვსე საფეხურზეა.

უზბეკეთის ჩემპიონობასთან ახლოსაა კახა მახარაძე, რომლის "ფახთაქორმა" 3:2 მოუგო "ნასაფს". "ფახთაქორი" 4-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, წინ კი მხოლოდ სამი ტურია. მახარაძემ "ნასაფთან" შეუცვლელად ითამაშა.

0.120457