კალათბურთი

13:58 | 29.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

დაუმარცხებელი მხოლოდ „დინამოა“

თბილისში დაგეგმილი საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა მიმდინარე ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩები, რომლებსაც ახალი სპორტის სასახლე მასპინძლობს, „კაკტუსი“ – „ბათუმის“ შეხვედრით დაიწყო.

იმის შემდეგ, რაც პირველ ტურში ჩემპიონატის დებიუტანტმა „კაკტუსმა“ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ „ქუთაისს“ მოუგო, ისეთ სუსტ თამაშს, როგორიც მან დღეს აჩვენა, არავინ ელოდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ზღვისპირელები ლიდერობდნენ და ერთი წამითაც არ დაუყენებიათ ეჭვქვეშ მათი გამარჯვება. მატჩის საბოლოო ანგარიშია 90:67 „ბათუმის“ სასარგებლოდ.

მესამე ტურამდე დაუმარცხებლად „დინამო“, „რუსთავი“ და „კაკტუსი მოვიდნენ. ამ უკანასკნელს დღემდე ერთი შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული. იმის შემდეგ, რაც გუშინ „რუსთავი“ და დღეს „კაკტუსი“ დამარცხდა, დაუმარცხებელი მხოლოდ „დინამოა“, რომელიც დღეს ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „სოხუმს“ დაუპირისპირდება.

ამ შეხვედრაში უშეღავათო ბრძოლაა მოსალოდნელი, რადგან „სოხუმს“ ჯერ გამარჯვება არ აქვს.

დღევანდელ შეხვედრაში ყველაზე მეტი 23 ქულა „ბათუმის“ ახალწვეულმა, უკანახაზელმა ილია შემოსიუკმა დააგროვა. 10 ქულით და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი მისმა თანაგუნდელმა, ცენტრალურმა თავდამსხმელმა ქრისტოფერ ფელჩერმა შეასრულა. რაც შეეხება ზღვისპირელთა კიდევ ერთ დებიუტანტ კახა ჯინჭარაძეს, ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა, მის ანგარიშზე 18 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასია.

მასპინძელთა შორის ყველაზე კარგი შედეგი ამერიკელმა ლეგიონერმა, უკანახაზელმა პერიკ ბრიჯმანმა აჩვენა, რომელმაც 21 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა და ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა.

„კაკტუსი“ – „ბათუმი“ 67:90

(16:19, 10:18, 24:29, 17:24)

0.117557