კალათბურთი

19:12 | 28.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

თვალაბეიშვილი "ორენსეში" ჩაირიცხა

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრების წევრი გიორგი თვალაბეიშვილი კარიერას ესპანურ "ორენსეში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

როგორც გიორგიმ worldsport.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ახალ გუნდთან შეთანხმება ერთწლიანია.

"სამწლიან კონტრაქტს მთავაზობდნენ, თუმცა ერთწლიანი ვარჩიე. მქონდა შემოთავაზება "ლეიდადან", "ესტუდიანტესიდან" და კარტახენის უნივერსიტეტიდან, თუმცა "ორენსე" ვარჩიე" - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თვალაბეიშვილმა.

მძიმე ფორვარდი 1998 წელსაა დაბადებული და საქართველოს 14, 16, 18 და 20 წლამდელთა ნაკრებში უთამაშია. საქართველოში თვალაბეიშვილმა კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო. ბოლო ორი სეზონი კალათბურთელმა "სევილიის" ახალგაზრდულ გუნდში გაატარა. გასულ სეზონში საშუალოდ 19.4 წუთს თამაშობდა და ამ ხნის განმავლობაში 6.4 ქულას აგდებდა და 4.4 მოხსნას ასრულებდა.

გიორგი თვალაბეიშვილი 2.06 მეტრის სიმაღლის გახლავთ და ცენტრის პოზიციაზეც თავისუფლად შეუძლია თამაში. "ორენსეს" ახალგაზრდულ გუნდში გიორგის დახვდა ლუკა ბულაშვილი, რომელსაც კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და ახალგაზრდული გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, გადაწყდება ესპანური გუნდი გიორგისთან თანაშრომლობას გააგრძელებს თუ ახალგაზრდა მოთამაშეს სხვა გუნდში მოუწევს გადასვლა.

0.119286