ფეხბურთი

16:37 | 28.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დევდარიანი: "მიზანი: თამაშის ხარისხის გამოსწორება და ევროსაგზური" (+VIDEO)

გიორგი დევდარიანმა 2017 წლის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი თბილისის "ლოკომოტივთან". როგორც worldsport.ge ოთხი დღის წინ წერდა, ჟერარდ სარაგოსას წასვლის შემდეგ, თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ დევდარიანი დაინიშნებოდა "ლოკოს" თავკაცად.

"ლოკომოტივი" თავის ჯგუფში მესამე ადგილზეა, 8 მატჩში 11 ქულა აქვს და უახლოესი თამაში ხვალ ელის გასვლაზე, ლანჩხუთის "გურიასთან".

გიორგი დევდარიანი: "ლოკომოტივთან" ერთად, ერთჯერადი მიზნები არ გვაქვს. ხანგრძლივ პერსპექტივაზეა გათვლილი და უკავშირდება ევროსარბიელზე გასვლას, რაც იოლი არ იქნება, თუმცა ამხელა ინფრასტრუქტურის მქონე კლუბს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ევროპაზე გასვლის ამბიცია. შესაძლოა, წლეულსვე ამის გაკეთება გართულდეს, მაგრამ ყოველი ვარჯიში და ყოველი სამუშაო დღე იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ მივუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს. უპირველესად, თამაშის ხარისხი უნდა გამოსწორდეს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ მიმდინარე სეზონში და მოვხვდეთ ევროტურნირების ზონაში. გუნდში ნამდვილად არიან კარგი ფეხბურთელები და ასევე უნდა ვეცადოთ, რომ "ლოკომოტივის" აკადემიამ აღზარდოს ისეთი მოთამაშეები, რომლებიც სამომავლოდ ხსენებული მიზნებისთვის მზად იქნებიან".

43 წლის დევდარიანი ქართულ ფეხბურთში ცნობილი ფიგურაა. მუშაობდა თბილისის "თბილისში", საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში, "საბურთალოში", თბილისის "დინამოში", გორის "დილაში", "ლოკომოტივში" ვასილ მაისურაძესთან ერთად, თურქულ "ტრაბზონსფორში" შოთა არველაძის თანაშემწედ, 2016 წლის დასაწყისიდან კი "ლოკომოტივის" 19-წლამდელთა გუნდს თავკაცობდა.

დევდარიანის კარიერაში არაერთხელ ყოფილა, რომ მწვრთნელად დანიშვნიდან მალევე შეუქმნია კარგი და შედეგიანი გუნდი. მაგალითად, "თბილისში" და ასევე "დილაშიც", რომელმაც ევროპის ლიგაზე დანიის "ორჰუსი" და სპლიტის "ჰაიდუკი" გამოთიშა, პლეი-ოფში გავიდა და იქ ვენის "რაპიდთან" დამარცხდა.

0.119424