ფეხბურთი

15:30 | 27.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურა" დიდი მიღწევის მიჯნაზე

საჩხერის "ჩიხურამ", შესაძლოა, 29 ოქტომბერს გაინაღდოს ჯგუფში პირველი ადგილი და ფინალში თამაშის უფლება. სოსო ფრუიძის გუნდი ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს და მოგების შემთხვევაში, პირველობას გაინაღდებს. ასე რომ, "ჩიხურა" დიდი მიღწევის მიჯნაზეა.

ამ გამარჯვების შემთხვევაშიც, საჩხერელებს თეორიულად ქულებით შესაძლოა დაეწიონ თბილისის "დინამო" და თბილისის "ლოკომოტივი", მაგრამ ზემოიმერლებს ორივე ამ გუნდთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვთ.

ეს "თეთრ ჯგუფში", აი, "წითელ ჯგუფში" კი მომდევნო ტურს ტოვებს ლიდერი "სამტრედია". ჯგუფში მთავარი მატჩი 5 ნოემბერს გაიმართება: "კოლხეთი"-"სამტრედია". რაც არ უნდა მოხდეს დარჩენილ შეხვედრებში, თუ გია ცეცაძის გუნდი ფოთელებს სტუმრად მოუგებს, ჯგუფში პირველ ადგილზე გავა.

"სამტრედია" ისედაც ფავორიტად მიიჩნეოდა ჯგუფში, აი, გელა სანაიას "კოლხეთი" კი მიმდინარე სეზონის აღმოჩენაა. ვინ იფიქრებდა, რომ კოლხები 9 ტურში 18 ქულას აიღებდნენ?! თუმცა ფოთელებს უახლოეს ტურში აქვთ რთულიმატჩი, თბილისში "საბურთალოს" შეხვდებიან, რომელსაც თავის მხრივ, ქულები ძალიან სჭირდება, რათა ქვედა სამ გუნდს შორის არ მოხვდნენ. ვის უნდა ფლეი-ოფები და თავის ატკივება?

საინტერესოა, რომ "კოლხეთს" 9 მატჩში მხოლოდ 8 გოლი გაუტანია და ექვსივე მატჩი მშრალზე მოუგია.

"წითელ ჯგუფში" ბოლოზეა ბოლნისის "სიონი", რაც ცოტა მოულოდნელია იმ ფონზე, რომ გუნდმა წინა სეზონი მეხუთე პოზიციაზე დაასრულა და თასის ფინალშიც ითამაშა. "სიონი" უახლოეს მატჩში "დილას" უმასპინძლებს და თუ ვერ მოიგებს, კიდევ უფრო დაუმძიმდება სიტუაცია. შეგახსენებთ, ბოლოადგილოსნები პირდაპირ გავარდებიან და დიდი ალბათობით, ეს ან "სიონი" იქნება, ან "ზუგდიდი".

დავუბრუნდეთ "თეთრ ჯგუფს", სადაც "ჩიხურა" თითქმის გამარჯვებულია, აი, დანარჩენ პოზიციებზე კი, ჯერ რას გაიგებ... შედარებით უკეთეს მდგომარეობაში არიან თბილისის "დინამო" და "ლოკომოტივი", მაგრამ ქულებში განსხვავებაც მცირეა. ერთი წაგება, ერთი ფეხის დაცდენა და შესაძლოა, ორი პოზიციით დაქვეითდე.

ბოლოზე ლანჩხუთის "გურიაა", რომელმაც ზედიზედ სამი მარცხი განიცადა. "შუქურა", "ტორპედო" და "ცხინვალ" კი ისეთ სიტუაციაში არიან, შესაძლოა, ზედა სამეულში მოხვდნენ და მეორე მხრივ, შესაძლოა, გასავარდნ ზონაში ამოჰყონ თავი. ეს ტურიც ბევრს გადაწყვეტს: "გურია" "ლოკოს" მასპინძლობს, ხოლო "ცხინვალი" ქობულეთელებს დაუხვდება.

გოლების რაოდენობა:

გაიმართა 60 მატჩი, გასულია 140 გოლი, ანუ საშუალოდ 2,33 გოლი ერთ შეხვედრაში.

72 გოლი გავიდა "თეთრი ჯგუფის" მატჩებში, 68 - "წითელ ჯგუფში".

საინტერესოა, რომ ამ 60 მატჩში ერთი ჰეთ-თრიქიც კი არ ყოფილა.

დუბლებს რაც შეეხება. საბა ლობჟანიძემ (ჩიხურა) 3-ჯერ მოახერხა დუბლის შესრულება, ჯაბა დვალმა ეს 2-ჯერ შესძლო, აი თითო-თითოჯერ კი დუბლი მიუთვლიათ: გეგა დიასამიძეს (ლოკომოტივი), ლევან კუტალიას (შუქურა), ოლგ მამასახლისსა (ტორპედო) და ევგენ მურაშოვს (გურია).

თეთრი ჯგუფი (დინამო თბილისი დაისვენებს)

29.10. გურია-ლოკომოტივი, ჩიხურა-ტორპედო

30.10. ცხინვალი-შუქურა

1 ჩიხურა 9 6 2 1 19:9 20
2 დინამო 9 3 5 1 11:5 14
3 ლოკომოტივი 8 3 2 3 8:12 11
4 შუქურა 9 2 4 3 9:11 10
5 ტორპედო 8 2 3 3 8:8 9
6 ცხინვალი 9 2 2 5 7:14 8
7 გურია

წითელი ჯგუფი (სამტრედია დაისვენებს)

29.10. საბურთალო-კოლხეთი

30.10. სიონი-დილა, დინამო (ბთ)-ზუგდიდი

1 სამტრედია 9 6 3 0 19:6 21
2 კოლხეთი 9 6 0 3 8:8 18
3 დინამო ბთ 9 3 5 1 12:4 14
4 დილა 8 3 1 4 10:10 10
5 საბურთალო 8 2 3 3 7:10 9
6 ზუგდიდი 8 2 0 6 4:14 6
7 სიონი 9 1 2 6 8:16 5

ბომბარდირები:

8 - საბა ლობჟანიძე (ჩიხურა), 7 - ბუდუ ზივზივაძე (სამტრედია), ჯაბა დვალი (ცხინვალი), 5 - თემურ შონია (დინამო ბთ), 4 - ბაჩანა არაბული (სამტრედია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.140669