ჩოგბურთი

22:41 | 25.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი: "რიგ მომენტებში ცოტა დავიღალე, თუმცა არ დავნებდი"

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ტომაშ ბერდიხთან გამარჯვება მომდევნო მატჩსა და ტურნირებზე უფრო თავდაჯერებულს გახდის. ვენაში მიმდინარე ტურნირზე ნიკოლოზმა ჩეხი 6:4, 6:7, 7:5 დაამარცხა (VIDEO).

ბასილაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოს რეიტინგის მე-10 ნომერი ჩოგბურთელის დამარცხება დიდი შრომის შედეგია.

"გამარჯვება გულმოდგინედ ვარჯიშის შედეგია. გასულ და მიმდინარე წელს წარმატებული და წარუმატებელი პერიოდები მქონდა, ასე რომ ეს გამარჯვება ჩემთვის ბევრს ნიშნავს და ძალიან ბედნიერი ვარ. აღნიშნული გამარჯვებით, მომდევნო რაუნდსა და ტურნირებზე უფრო თავდაჯერებული და ძალიან მოტივირებული ვიქნები." - განაცხადა ბასილაშვილმა.

ქართველმა ჩოგბურთელმა აღნიშნა, რომ ჩეხთან ორთაბრძოლის დროს რიგ მომენტებში ცოტა დაიღალა, რადგან მძიმე ბრძოლა იყო, თუმცა არ დანებდა, 100%-ით დაიხარჯა და ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია.

მსოფლიოს რეიტინგში 107-ე ადგილზე მყოფი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ღია ჩემპიონატის მერვედფინალში რუსეთის წარმომადგენელ კარენ ხაჩანოვს დაუპირისპირდება. ქართველის მოწინააღმდეგე 20 წლის გახლავთ და უკვე 63-ე ჩოგანია. რუსმა გასულ რაუნდში ანდრეას სეპი 6:4, 6:4 დაამარცხა.

ურთიერთშეხვედრებში კი ნიკოლოზი კარენს 2:0-ს ამარცხებს. პირველად 2014 წელს ბასილაშვილმა ხაჩანოვს კაარსტის ტურნირზე იოლად 6:1, 6:4 სძლია, მიმდინარე წლის ივლისში კი ბრაუნშვაიგის ჩემპიონატზე, თიხის საფარზე ქართველმა მეტოქე 6:2, 4:6, 6:4 დაამარცხა. მერვედფინალური მატჩი 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

0.114791