კალათბურთი

10:53 | 25.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონატში ორხელისუფლებიანობაა

მიმდინარე საკალათბურთო ჩემპიონატის მეორე ტური ბათუმში გამართული შეხვედრით დასრულდა - ზღვისპირელებმა სუპერთასის მფლობელ ,,დინამოს’’ უმასპინძლეს. ახალი სეზონი ორივე გუნდმა კარგად დაიწყო. ქვეყნის ვიცე -ჩემპიონმა ჯერ დუდუ დადიანის მემორიალი მოიგო, შემდეგ კი ცნობილი ქართველი კალათბურთელის ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასს დაეუფლა. რაც შეეხება ,,ბათუმს’’, დავით უსტიაშვილის შეგირდებმა ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში ,,მგზავრებს’’ მოუგეს და ორი ქულა მოიპოვეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა დაძაბული გამოდგა, რომლის ბედიც მატჩის მიწურულს გადაწყდა - 91:86 გაიმარჯვა ,,დინამომ’’, ორი შეხვედრიდან 4 ქულა დააგროვა და ,,რუსთავთან’’ ერთად სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. ერთ-ერთ ეპიზოდში ,,ბათუმი’’10 ქულით 24:14 დაწინაურდა. მეორე მეოთხედიდან უპირატესობას სტუმრები დაეუფლენ. ანგარიში პირველად მესამე მეოთხედში მიხეილ ჭოჭუას ორქულიანის შემდეგ გათანაბრდა 52:52. სულ მალე თბილისელთა ამერიკელმა ლეგიონერმა დევონტა ვონმა სამქულიანი მოათავსა მეტოქის კალათში და თანაგუნდელები პირველად დააწინაურა-55-52. ამის შემდეგ თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მატჩის მიწურული ,,დინამომ’’ უკეთ ჩაატარა, უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ქულათა მაქსიმუმით ასპარეზობის ერთ-ერთი ლიდერია.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 23 ქულა მასპინძელთა უკანახაზელმა ბესიკ ლეჟავამ დააგროვა. 13 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი მისმა თანაგუნდელმა, ცენტრალურმა თავდამსხმელმა ქრისტოფერ ფელჩერმა შეასრულა. სტუმართა შორის 21 ქულით ყველაზე შედეგიანი მიხეილ ბერიშვილი იყო, რომელმაც 21 ქულა დააგროვა და ორმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა.

,,ბათუმი“ -,,დინამო“ 86:91

( 24:16, 24:27, 18:24, 20:24)

მესამე ტურის შეხვედრათა განრიგი:

28 ოქტომბერი

რუსთავი- ქუთაისი

29 ოქტომბერი

კაქტუსი-ბათუმი

სოხუმი-დინამო

მგზავრები-ოლიმპი

0.119269