ესპანელმა სპეციალისტმა ჟერარდ სარაგოსამ ერთწლიანი მუშაობის შემდეგ თბილისის “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მწვრთნელთან ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
თბილისელებმა მიმდინარე სეზონისთვის კარგი შემადგენლობა შეკრიბეს, სტარტიც თითქოს ურიგო არ ჰქონდათ, თუმცა ზედიზედ ბოლო სამი მატჩი დიდი ანგარიშით წააგეს: ჯერ ჩემპიონატში 0:3 ქუთაისის “ტორპედოსთან”, მერე თასის მეოთხედფინალში 1:3 თბილისის “დინამოსთან” და გათამაშებას გემოეთიშნენ, მეათე ტურში კი საკუთარ მოედანზე 1:4 საჩხერის “ჩიხურასთან”. ამ დროისთვის “ლოკომოტივს” 8 მატჩი მოპოვებული 11 ქულით თეთრ ჯგუფში მესამე ადგილი უკავია, “დინამოს” სამი ქულით ჩამორჩება, ხოლო პირველ ადგილზე მყოფ “ჩიხურას” უკვე 9 ქულით, თუმცა ორივე მათგანზე ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ვინ დაიკავებს “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელის პოსტს, ჯერჯერობით ოფიციალურად არ თქმულა, თუმცა როგორც worldsport.ge-სთვის გახდა ცნობილი, ყველაზე რეალური კანდიდატი გიორგი დევდარიანია, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისიდან “ლოკომოტივის” 19-წლამდელთა გუნდს წვრთნის.