ფეხბურთი

13:29 | 20.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასლერი კლოუნია?

"ლევერკუზენის" სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა მარიო ბასლერის სიტყვები იწყინა. "ვერდერისა" და "ბაიერნის" ყოფილმა ვარსკვლავმა "ლევერკუზენზე" აგდებულად ისაუბრა - მოსაწყენ ფეხბურთს თამაშობენ, ვერანაირ ემოციას ვერ იწვევენ, გულშემატკივრებიც აკლიათ და საშინაო მატჩებზე ტრიბუნებს ვერ ავსებენო.

ფიოლერმა განაცხადა, ბასლერი მეცოდებაო. "მისი სიტყვები არ მწყინს. ბასლერთან ერთად გერმანიის ნაკრებში მითამაშია, ამიტომაც მასზე ვერ გავბრაზდები. უბრალოდ, ის კლოუნად იქცა, თანაც ცუდ კლოუნად".

ფიოლერს წარდგენა არ სჭირდება, ჯერ რუმენიგესთან, მერე კი კლინსმანთან ერთად მშვენიერ თავდამსხმის წყვილს ქმნიდა ნაკრებში. მსოფლიოს ჩემპიონიც გახლავთ.

...სამირ ნასრიმ თქვა, საფრანგეთის ნაკრებს მამაჩემიც რომ წვრთნიდეს, იქ აღარ ვითამაშებო. ამით განმარტა, რომ "მამლებში" თამაში არა მხოლოდ დიდიე დეშამის მწვრთნელობის გამო იუკადრისა, არამედ ზოგადად პრესისა და გულშემატკივართა მხრიდან დაუფასებლობის გამო.

...მესუთ იოზილმა პროფესიონალურ კარიერაში პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა. 28 წლის იოზილმა ბულგარულ "ლუდოგორეცთან" (6:0) გაილაღა და "არსენალის" მეხუთე ფეხბურთელია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში, ერთ მატჩში სამი გოლი გაუტანია. მანამდე "ჰეთთრიქოსნები" იყვნენ ტიერი ანრი, ნიკლას ბენდტნერი, დანი უელბეკი და ოლივიე ჟირუ.

...კაი სერჰუისის გვარი არაფერს გეუბნებათ, მაგრამ "აიაქსის" ჭაბუკმა ბრწყინვალე მაკრატელა გაიტანა უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე, ისლანდიის "ბრეიდაბლიკის" კარში:

ბევრს გაახსენდებოდა ლეგენდარული მარკო ვან ბასტენი. ახალგაზრდულ ასაკში დაახლოებით ასეთი მაკრატელა გაიტანა "აიაქსის" მაისურით. გოლები შევადარეთ, კლასით კი, ბოდიში... ჯერ ძალიან ადრეა.

0.118163