ფეხბურთი

2:00 | 18.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

უსახური ფრე “ენფილდზე”

პრემიერლიგის მე-8 ტურის დასკვნითი და ცენტრალური შეხვედრა “ენფილდ როუდზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “ლივერპულმა” პრინციპული მეტოქე “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და უგოლოდ გაეყარა.

ამ შეხვედრისგან მაყურებელი ძალიან ბევრს მოელოდა, თუმცა იმედი ყველას გაუცრუვდა. 90 წუთის განმალობაში მხოლოდ 2 რეალური საგოლე მომენტი შეიქმნა. გუნდებს გააზრებულად თამაში უჭირდათ (განსაკუთრებით ეს სტუმრებზე ითქმის) და ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდნენ.

იურგენ კლოპმა 4-3-3 ტაქტიკა აირჩია და მეტოქისთვის განსაკუთრებული სიურპრიზი არ შეუთავაზებია, ხოლო ჟოზე მოურინიომ 4-2-3-1 ტაქტიკა დაუპირისპირა მეტოქეს. პორტუგალიელმა სპეციალისტმა კვლავ თადარიგში დატოვა უეინ რუნი, ისევე როგორც, ხუან მატა.

პირველი ნახევარი ძალიან მოსაწყენი გამოდგა. გუნდებს არც ერთი სახიფათო მომენტი არ შეუქმნიათ, ბევრ პატარ-პატარა ჯარიმას იღებდნენ და ეს კიდევ უფრო არასანახაობრივს ხდიდა შეხვედრას. ბურთს მასპინძლები აკონტროლებდნენ და უფრო მეტად ცდილობდნენ შეტევაში რაიმე შეექმნათ, თუმცა საწყის 45 წუთში დე ხეას კართან საფრთხის შექმნა ვერ მოახერხეს.

მეორე ტაიმი პირველზე სულ ოდნავ უკეთესი გამოდგა, რაც “ლივერპულის” დამსახურებაა. მასპინძლები გამოცოცხლდნენ და 3 ქულაზე დაიწყეს თამაში, თუმცა დავიდ დე ხეამ მერსისაიდელებს გეგმების განხორციელების საშუალება არ მისცა.

59-ე წუთზე ესპანელმა კიპერმა ემრე ჩანს ურთულესი დაფარული დარტყმა აუღო, ხოლო 71-ე წუთზე ფელიპე კოუტინიოს მიერ დაახლოებით 28 მეტრიდან უძლიერესად გასროლილი ბურთი უკუაგდო. მასპინძლებს კიდევ ერთი შანსი 84-ე წუთზე შეექმნათ, მაგრამ რობერტო ფირმინოს ანტონიო ვალენსიამ ბოლო წამს ააცალა ბურთი და საკუთარი გუნდი უსიამოვნებისგან იხსნა.

“იუნაიტედს” კი, 90 წუთის განმალობაში რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონია და ამ ფონზე, მათთვის მოპოვებული ქულა ცუდი შედეგი არ უნდა იყოს, თუმცა ასეთი შემადგენლობის გუნდს ბევრად უკეთ თამაში მოეთხოვება და ეს პირველ რიგში ჟოზე მოურინიომ იცის.

“ლივერუპული” 17 ქულით მე-4 ადგილზეა, ხოლო “იუნაიტედი” 17 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.

ლივერპული – მანჩესტერ იუნაიტედი 0:0

ლივერპული, “ენფილდ როუდი”

ლივერპული (4-3-3): კარიუსი, ლოვრენი, მატიპი, კლაინი, მილნერი (მორენო 86), ჩანი, ჰენდერსონი, კოუტინიო, მანე, ფირმინო (ორიჯი 85), სტარიჯი (ლალანა 60).
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, ბაილი, სმოლინგი, ბლინდი, ვალენსია, ერერა, ფელაინი, იანგი (შოუ 92), პოგბა, რეშფორდი (რუნი 77), იბრაჰიმოვიჩი.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გაფრთხილებები: ბაილი, იანგი, იბრაჰიმოვიჩი, ფელაინი
მსაჯი: ენტონი ტეილორი

0.133823