საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის გათამაშება ოვერტაიმიანი მატჩით დაიწყო. პირველი ტურის პირველსავე შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ - 82:82 დასრულდა. "მგზავრებსა" და"ბათუმს" შორის გამარჯვებულის გარკვევას დამატებითი ხუთწუთეული დასჭირდა.
მატჩი საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვებას. მგზავრებს პირველივე წუთებზე გამოაკლდათ ამერიკელი ცენტრი რეჯინალდ მერფი, რომელმაც მოედანზე შესვლიდან 51 წამში ფეხის ტრავმა მიიღო და მოედნიდან რომ გავიდა, აღარ დაბრუნებულა.
ამით ისარგებლეს ბათუმელებმა და ფარზე გამაგრდნენ, თუმცა „მგზავრების“ უკანახაზელებმა მასპინძლებს დანაკლისი არ აგრძნობინეს. კრეიტონ კალების შედეგიან თამაშს ზუსტი პასებით გამოეხმაურა ოთარ ფხაკაძე და ბექა წივწივაძე. შესაბამისად, თამაშის ლიდერი ვერ გამოიკვეთა და შეხვედრა საბოლოოდ დამატებით დრომდე მივიდა. აღსანიშნავია, რომ ბოლოსწინა წუთზე თბილისელები 3 ქულით იგებდნენ, თუმცა ბესო ლეჟავას და ბათუმელთა შედეგიანმა გარჯამ შეხვედრა ოვერტაი,ში გადაიყვანა.
ექსტრახუთწუთეულში მეტი მობილიზება და სიზუსტე ბათუმელებმა გამოავლინეს. კახა ჯინჭარაძემ და ბესო ლეჟავამ სწრაფი გარღვევები შედეგიანადდააგვირგვინეს, ბათუმელთა უკრაინელმა ახალწვეულმა .ილია შემოსიუკმა მგზავრების წელში გამტეხი სამქულიანი მიითვალა და შეხვედრის ბედიც ბათუმელთა სასარგებლოდ გაირკვა - 97:91.
გამარჯვებულთაგან 26 ქულით ბომბარდირი გახდა ეროვნული ნაკრების წევრი ბესო ლეჟავა. ნაკრებისავე წევრმა კახა ჯინჭარაძემ ბათუმელებს 24 ქულა და 13 მოხსნა შესძინა. 18-18 ქულა მიითვალეს კრისტოფერ ფელჩერმა და ილია შემოსიუკმა. „მგზავრებში“ 27 ქულითა და 15 მოხსნით საუკეთესო იყო კრეიტონ კალები, 19 ქულა და 7 პასი კი ოთარ ფხაკაძის ანგარიშზეა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
დავით უსტიაშვილი (ბათუმის მთავარი მწვრთნელი): თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი გუნდისთვის ეს გახლდათ პირველი ოფიციალურიც და არაოფიციალური შეხვედრაც, შემიძლია ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ. გარდა იმისა, რომ შეთამაშება გვაკლია, ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარა უკრაინელი ფორვარდი იგორ კრივცოვი. მთავარია, გავიმარჯვეთ და სულერლიგა წარმატებით დავიწყეთ.
ანატოლი (ბუბა) ბერიშვილი (მგზავრების მთავარი მწვრთნელი: მატჩისთვის მზად არ ვიყავით, რადგან ერთ მოთამაშეს გათავისუფლების ფურცელი ჯერ არ ჩამოსვლია, ერთიც ავადაა. ამას დაემატა ამერიკელი ცენტრის ტრავმა მატჩის დებიუტში და ამ ფონზე რთულია მოგებაზე ლაპარაკი. ყველაფრის მიუხედავად, ბოლომდე ვიბრძოლეთ და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა. დრო გვჭირდება და ვფიქრობ, როცა ყველა მწყობრში იქნება, შედეგიც მოვა.
superleague.ge