ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტმა“ მორიგი საგამოფენო მატჩი გამართა დენვერში, სადაც ადგილობრივი „ნაგეტსი“ დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში 129:128 დაამარცხა. საგამოფენო მატჩების სპეციფიკა არ გულისხმობს აუცილებელ გამარჯვებას, მწვრთნელს გუნდის ლიდერებისთვის ცალკე პროგრამა აქვს შემუშავებული და მას მიჰყვება. ამიტომაც იყო, რომ არც ბოლო პერიოდში და არც დამატებით ხუთწუთეულში მოედანზე ფაჩულიასთან ერთად გოლდენსტეიტელთა არც ერთი ლიდერი არ გამოჩენილა. ოკლენდელებმა შეხვედრა ახალბედა პატრიკ მაკაუს საფინალო სირენის თანხლებით ჩაგდებული ორქულიანით მოიგეს.
ფაჩულიამ ამ მატჩში "გოლდენ სტეიტში" პირადი მაჩვენებლები გააუმჯობესა ქულებში, დაფარებებში, ჩაჭრებსა და მოედანზე გატარებულ წუთებში. სასტარტო ხუთეულში მყოფმა ქართველმა ცენტრმა 19 წუთი ითამაშა და 5 ცდიდან 4 ორქულიანი ჩააგდო. ფაჩულიას ანგარიშზე მთლიანობაში 8 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება დაგროვდა. ქართველმა ცენტრმა გამოაჩინა საკუთარი ძალა და უნივერსალიზმი, რაც გოლდენსტეიტელებს მომავალ სეზონში დიდად დასჭირდებათ.
გამარჯვებულთაგან 22 ქულით, 9 მოხსნითა და 4 პასით საუკეთესო შედეგი სტეფ კარიმ დააფიქსირა. კევინ დიურანტმა 23 წუთში 19 ქულა ჩააგდო, ზემოთნახსენებმა პატრიკ მაკაუმ, რომელიც გამთამაშებელია, 27 წუთში 18 ქულა მიითვალა.
მორიგი საგამოფენო მატჩი “გოლდენ სტეიტს“ 16 ოქტომბერს შინ, „ლეიკერსთან“ ელის. კალიფორნიულ დერბიში ერთმანეთის პირისპირ ქართველი და რუსი ცენტრები - ზაზა ფაჩულია და ტიმოფეი მოზგოვი წარსდგებიან.
gbf.ge