პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის “რეალთან” ახალ, ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელსა და კლუბს შორის ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია და ის ოფიციალურად უახლოეს დღეებში უნდა გაფორმდეს.
2021 წლამდე გათვლილი კონტრაქტის მიხედვით, რონალდუს წლიური ხელფასი 23 მილიონი ევროს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის დროს კრიშტიანუ 36 წლის იქნება, რის გამოც მადრიდელთა ამ გადაწყვეტილებას ესპანეთში ბევრი სარისკოდ მიიჩნევს.
რონალდუს გარდა, “რეალის” ხელმძღვანელობა მოლაპარაკებას აწარმოებს გუნდის სხვა ლიდერებთან - გარეტ ბეილთან და ლუკა მოდრიჩთან. ამავდროულად, “სამეფო კლუბმა” 12 ოქტომბერს გამოაქვეყნა ინფორმაცია ტონი კროოსთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ. შეთანხმების მიხედვით, გერმანელი ნახევარმცველი მადრიდელთა რიგებში 2022 წლამდე დარჩება და წლიურ გასამრჯელოდ 20 მილიონ ევროს მიიღებს.