“პალმეირასის” თავდამსხმელი გაბრიელ ჟესუსი ბრაზილიის ნაკრებში ეს-ესაა ფეხს იკიდებს, მაგრამ უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე მის ლეგენდარულ თანამემამულეებს. საქმე ისაა, რომ 19 წლის ფორვარდს ეროვნულ გუნდში ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში ამდენივე გოლი აქვს გატანილი და ასეთი კარგი შედეგი სტარტზე “პენტაკამპეონელთა” რიგებში თვით პელესა და რონალდოსაც არ ჰქონიათ.
თავად განსაჯეთ, პელესა და რომარიოს ნაკრებში 4 გოლის გასატანად 5 მატჩის ჩატარება დასჭირდათ, ნეიმარსა და რონალდინიოს 8 თამაშის, ხოლო რონალდოს ათის.
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ციფრებია, მაგრამ გაბრიელ ჟესუსს რომ დიდი მომავალი აქვს, ფაქტია. სხვათა შორის, მან ამავე მატჩებში ორი საგოლე გადაცემის შესრულებაც მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ ჟესუსი ამჟამად “პალმეირასში” თამაშობს, მაგრამ იგი უკვე ნაყიდი ჰყავს “მანჩესტერ სიტის” და პეპ გვარდიოლას გუნდს ზამთარში შეუერთდება.