ჭიდაობა

15:30 | 12.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთს ოლიმპიურ ოჯახში სამბოს ხილვა სურს

“სამბო ერთ-ერთია სპორტის იმ სახეობებს შორის, რომლებსაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აქტიურად განიხილავს, როგორც ოლიმპიურ დიდ ოჯახში მიღების რეალურ კანდიდატს.

ჩვენ გვესმის, რომ ეს ძნელი და ხანგრძლივი პროცესი იქნება, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, მუდმივად უნდა ვისაუბროთ რათა მოხდეს სამბოს, ამ მართლაც ულამაზესი და პოპულარული სპორტის ოლიმპიურ სახეობად აღიარება” - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ვინც, ძიუდოს საერთაშორისო და ევროპული ფედერაციების ( IJF და EJU ) გარდა, სამბოს საერთაშორისო ფედერაციის ( FIAS ) საპატიო პრეზიდენტიც გახლავთ.

სამბო, როგორც სპორტის სახეობა, ყოფილ საბჭოთა კავშირში შეიქმნა. რუსული დასახელება САМБО იშიფრება როგორც - თავდაცვა იარაღის გარეშე, სადაც ილეთები ძირითადად აღებულია სხვადასხვა ერების ჭიდაობებისა და საბრძოლო ხელოვნებებიდან.

ქართული ჭიდაობის, აზერბაიჯანული გურეშის, ყაზახეთის, უზბეკეთის და ბაშკირეთის კურეშის, მოლდოვური ტრინტის, ასევე იაპონური ძიუდოს, სუმოს და კიდევ სხვა ქვეყნების ჭიდაობის სახეობების ილეთებზეა დაფუძნებული სამბო, როგორც სპორტის სახეობა. აქ ერთ-ერთ მთავარ ილეთს პირდაპირ თარგმანის გარეშე - გადავლებას ეძახიან.

ბუნებრივია სამბო ყველაზე პოპულარული ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებშია და მსოფლიოს მთავარ ფორუმებზე ოქროს მედლებისთვის სწორედ იქაური სპორტსმენები იბრძვიან.

სამბოში მთელი მსოფლიოს მასშტაბით რუსეთის ნაკრებთან ერთად ყველაზე ძლიერად საქართველოს ნაკრები მიიჩნევა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენმა ვაჟების ნაკრებმა 2 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედლით გუნდური მეორე ადგილი მოიპოვა, ხოლო გოგონები 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით მეოთხეები იყვნენ.

ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე ვაჟები 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით კვლავ მეორე ადგილზე გავიდნენ, ხოლო გოგონებმა ისტორიული შედეგით 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მესამე ადგილზე დაასრულეს ასპარეზობა.

შესანიშნავი და ძალზედ წარმატებული ახალი თაობის სამბისტები გვყავს როგორც ჭაბუკებში, ისევე ახალგაზრდებში. ბოლო წლებში ვაჟებს გოგონებმაც აუბეს მხარი და მსოფლიოში მოწინავე ადგილებს იკავებენ.

0.118117