პროექტი საფეხბურთო თერაპია შიდა ქართლის შემდეგ, საქართველოს კიდევ ერთ რეგიონში იწყება. კახეთში, კერძოდ კი პანკისის ხეობის სოფელ ომალოში, მიმდინარე კვირის ბოლოს საფეხბურთო ფესტივალი გაიმართება.
როგორც ფონდი არველაძის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ფესტივალში ჯოყოლოს, ბირკიანის, დუისისა და ომალოს გუნდების 100-მდე ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას. სოფელ ომალოს სტადიონზე გუნდებს შორის მინი საფეხბურთო ტურნირი ჩატარდება.გამარჯვებული გუნდი ფონდ არველაძის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება.
ფესტივალში მონაწილეობას პანკისის გუნდების ფეხბურთელების გარდა, ფონდ არველაძის დამფუძნებლები და ხელმძღვანელები მიიღებენ.
პროექტის საზეიმო გახსნის ცერემონიალს ვეტერანი ფეხბურთელები, ფონდის პარტნიორები, სპონსორები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
პანკისის ხეობაში პროექტ საფეხბურთო თერაპიის დაწყებას მხარი საქართველოსა სამარიტელთა კავშირმა, ავსტრიის სპორტის სამინისტრომ, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდმა და ავსტრიის სამარიტელთა კავშირმა დაუჭირა.
პანკისის ხეობა ახმეტის მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე მდებარეობს. ხეობის სოფლების საერთო მოსახელობა 8000-მდეა.
საფეხბურთო თერაპიის ფარგლებში, დუისში, ჯოყოლოში, ბირკიანსა და ომალოში საფეხბურთო სკოლები დაფუძნდება.აღნიშნულ სოფლებში მაცხოვრებელ ბავშვებსა და მოზარდებს, მთელი წლის განმავლობაში, კვირაში სამ დღეს ვარჯიშები ჩაუტარდებათ.
ფონდი არველაძე ფეხბურთელებსა და გუნდების მთავარ მწვრთნელებს სრულიად უსასყიდლოდ საფეხბურთო ეკიპირებას, ბურთებსა და ინვენტარს გადასცემს. გუნდის მწვრთნელებს კი, მთელი წლის განმავლობაში ყოველთვიური ანაზღაურება დაენიშნებათ.
პროექტი საფეხბურთო თერაპია პანკისის ხეობის სოფლებში, ჩეჩენეთიდან ჩამოსახლებულ ლტოლვილ მოსახლეობასა და ადგილობრივ ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, ფეხბურთის თამაშის გარდა სხვადასხვა სოციალურ პროექტებსა და ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა.