გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და “ბაიერნის” ყოფილი კაპიტანი ოლივერ კანი მიუნხენურ კლუბში იმუშავებს. გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ლეგენდარული მეკარე “ბაიერნის” ელჩი იქნება აზიაში.
47 წლის კანი ბოლო პერიოდში გერმანულ ტელევიზიაში საფეხბურთო ექსპერტად მუშაობდა, ახლა კი მისი ამოცანა აზიურ ბაზარზე “ბაიერნის” ბრენდის განვითარებაზე ზრუნვა იქნება.
ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კიპერი მიუნხენელთა ღირსებას 1994-2008 წლებში იცავდა და კლუბთან ერთად 23 ტიტული მოიპოვა. 8-ჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, 6-6-ჯერ მოიგო გერმანიის თასი და გერმანიის ლიგის თასი, თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი და საკონტინენტთაშორისო თასი. 1996 წელს გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში გახდა ევროპის ჩემპიონი, 2002 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ითამაშა. 1999, 2001 და 2002 წლებში მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.