ფეხბურთი

21:55 | 10.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზუსტი პასები 85%, დარტყმა 45 - საქართველოს ნაკრების სტატისტიკა სამი ტურის თავზე

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სამი ტურის შემდგომ ერთი ქულა აქვს, რაც რაღა თქმა უნდა, კარგი შედეგი არაა, მაგრამ ბოლო მატჩებმა გულშემატკივრებსა და სპეციალისტებში ცალსახად დადებითი რეზიუმე ჰპოვა – ყველა თანხმდება, რომ “ჯვაროსნების” თამაშის ხარისხი ბევრად გაუმჯობესებულია.

სხვათა შორის, ამაზე ის სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს, რომელიც ვლადიმირ ვაისის გუნდს ავსტრიასთან, ირლანდიასთან და უელსთან მატჩებში ჰქონდა. თან, ისიც ნუ დაგვავწიყდება, რომ ორი თამაში სტუმრად ჩაატარა საქართველომ და სამივე მეტოქე ევროპის ჩემპიონატის მონაწილე იყო.

მოკლედ, განვლილი სამ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჯამში მეტოქის კარისკენ 45-ჯერ დაარტყა, აქედან კარის ჩარჩოში ბურთი 10 გზის მოხვდა და ორი გოლი გავიდა. სამჯერ ბურთი ხარიხამ აისხლიტა (ორჯერ უელსთან და ერთხელ ირლანდიასთან), ხოლო ორჯერ ძელმა (ერთხელ ავსტრიასთან, ერთხელაც ირლანდიასთან) – 16 დარტყმა კი, მეტოქე გუნდის მხრიდან დაბლოკილ იქნა.

გარდა ამისა, რაც ფრიად სასიამოვნო სანახავია: საქართველოს ნაკრებმა განვლილი სამი მატჩიდან ორი ბურთის ფლობის უპირატესობით დაასრულა – ავსტრიასთან 51%, ხოლო ირლანდიასთან – 56%. რაც შეეხება უელსს, “დრაკონებთან” 50% ვფლობდით ბურთს. ანუ, გამოდის, რომ საშუალოდ პირველ სამ ტურში ბურთის ფლობის 52%-ზე ოდნავ მეტი გაგვაჩნია.

კიდევ ერთი გამოსარჩევი დეტალი – განვლილ მატჩებში ვლადიმირ ვაისის გუნდმა არც მეტი, არც ნაკლები, 1217 პასი გააკეთა და აქედან 1045 ზუსტი აღმოჩნდა! ასეთ რამეს, ბოლო დროს საქართველოს ნაკრებისგან მიჩვეულნი ნამდვილად არ ვიყავით, ყოველშემთხვევაში მე ნამდვილად არ მახსენდება ზედიზედ სამი შეხვედრა ასეთი კარგი შედეგი გვქონოდეს ამ მხრივ.

ჩვენს წინააღმდეგ მეტოქეები 37-ჯერ დაჯარიმდნენ, ხოლო ჩვენმა ფეხბურთელებმა თამაშის წესები ამდენჯერვე დაარღვიეს. მოვაწოდეთ 11 კუთხური, ყვითელი ბარათი 6-ჯერ მივიღეთ, ხოლო 8-ჯერ თამაშგარეში მოხვდნენ ჩვენი შემტევები – დაცვით ფაზაში ქართველმა მოთამაშეებმა ბურთი 108-ჯერ მოიპოვეს და არც ესაა სხვათა შორის დაბალი მაჩვენებელი.

მოკლედ, სტატისტიკა მართლაც კარგია და თამაშის ხარისხის შემხედვარე უკმარისობის გრძნობა ალბათ ყველას დაეუფლა. თუმცა, ცალსახაა, მომავლის იმედი ახლა უფრო გაჩნდა. თანაც, ვაისის თქმის არ იყოს, ნაკრების ბირთვი ხომ ახალგაზრდა, 23-24 წლის ბიჭებისგან შესდგება...

აქვე გთავაზობთ მიმდინარე შესარჩევი ციკლის სამი მატჩის სრულ სტატისტიკურ მონაცემებს:

ავსტრიის ნაკრებთან

კარისკენ დარტყმა: 17

კარში დარტყმა: 3

დაბლოკილი დარტყმა: 6

ბურთის ფლობა: 51%

კუთხური: 5

თამაშგარე: 4

გაფრთხილება: 1

ჩვენს წინააღმდეგ დაჯარიმდნენ: 18

ჩვენ დავჯარიმდით: 13

პასი: 340

ზუსტი პასი: 279 (82%)

ძელი (ხარიხა): 1

მოპოვებული ბურთი: 37

ირლანდიის ნაკრებთან

კარისკენ დარტყმა: 11

კარში დარტყმა: 3

დაბლოკილი დარტყმა: 5

ბურთის ფლობა: 56%

კუთხური: 5

თამაშგარე: 0

გაფრთხილება: 1

ჩვენს წინააღმდეგ დაჯარიმდნენ: 11

ჩვენ დავჯარიმდით: 11

პასი: 478

ზუსტი პასი: 423 (88%)

ძელი (ხარიხა): 2

მოპოვებული ბურთი: 29

უელსის ნაკრებთან

კარისკენ დარტყმა: 17

კარში დარტყმა: 4

დაბლოკილი დარტყმა: 5

ბურთის ფლობა: 50%

კუთხური: 1

თამაშგარე: 0

გაფრთხილება: 4

ჩვენს წინააღმდეგ დაჯარიმდნენ: 8

ჩვენ დავჯარიმდით: 13

პასი: 399

ზუსტი პასი: 343 (85%)

ძელი (ხარიხა): 2

მოპოვებული ბურთი: 42

0.115949