ჭიდაობა

15:00 | 10.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

18 მედალი მსოფლიოს ხალიჩიდან

საქართველოს ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტთა ნაკრებებმა 2016 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე - მსოფლიოს ჩემპიონატზე 18 მედალი მოიპოვეს. რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ხალიჩაზე 30 ქვეყნის ნაკრების 374 სამბისტი გავიდა და საპრიზო სამეულები ორივე ასაკობრივ ჯგუფში, როგორც ვაჟთა, ისე გოგონათა შორის შეივსო. ქართველეების საბოლოო მონაგარი კი ასეთია: 7 ოქრო, 6 ვერცხლი და 5 ბრინჯაო.

ჭაბუკებს შორის საქართველოს ნაკრები საუკეთესო იყო - 10 წონითი კატეგორიიდან 9-ში მედალს დაეუფლა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. 7 წონაში ფინალში სწორედ ქართველები გავიდნენ. ჯაბა პაპინაშვილმა (52 კგ), ლუკა მაისურაძემ (81 კგ), ნიკა სიდამონიძემ (87 კგ) და გელა ზაალიშვილმა (+87) გადამწყვეტი შეხვედრებიც მოიგეს და უმაღლეს ტიტულს დაეუფლნენ. საბა გრიგალაშვილს (56 კგ), გიგა ლიჩელსა (70 კგ) და ლაშა მატიაშვილს (75 კგ) პოდიუმის უმაღლეს საფეხურამდე თითო მოგება დააკლდათ. თორნიკე მარგველაშვილმა (48 კგ) და ირაკლი ხერგიანმა (60 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

ამავე ასაკობრივ ჯგუფში, ქართველმა გოგონებმაც საკმაოდ შედეგიანად იჭიდავეს. ნატალია ყიფშიძე (48 კგ) და მარიამ ცერცვაძე (+75 კგ) მხოლოდ ფინალში დამარცხდნენ და ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ხოლო თინათინ რევაზიშვილი (56 კგ) ბრინჯაოს დასჯერდა.

ახალგაზრდებში მსოფლიოს კონკურენციაში საქართველოდან მხოლოდ ვაჟთა გუნდი ჩაერთო. ირაკლი კუპატაძემ (57 კგ), ზვიად თევდორაშვილმა (74 კგ) და დავით ოზბეთელაშვილმა (100 კგ) შეჯიბრება წაუგებლად ჩაამთავრეს და ოქროს მედლებს დაეუფლნენ. გიორგი მარუაშვილმა (52 კგ) ვერცხლი ირგუნა. აკაკი გიგატაძემ (48 კგ) და დავით რაზმაძემ (+87 კგ) - ბრინჯაოები. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მხოლოდ რუსეთს ჩამორჩა.

0.123162