ფეხბურთი

12:11 | 9.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალის შესარჩევი: C ჯგუფს გერმანია და აზერბაიჯანი ლიდერობენ (+VIDEO)

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები გაიმართა C ჯგუფში, სადაც გერმანია ჩეხეთი იოლად 3:0 დაამარცხა (ვიდეო). იოახიმ ლიოვის შეგირდებმა ბევრი იაქტიურეს, კარში შვიდჯერ დაარტყეს და საბოლოოდ ტომას მიულერმა დუბლი შეასრულა, ხოლო ტონი კროოსმა ერთი გოლი გაიტანა და ბუნდესნაკრები ჯგუფში კვლავ ლიდერია. "ბაიერნის" თავდამსხმელს მიმდინარე შესარჩევში 4 გოლი დაუგროვდა, ხოლო ჩეხეთის კარში სულ 5-ჯერ გამოიჩინა თავი.

გერმანიას მხოლოდ ბურთების ცუდი სხვაობით ჩამორჩება აზერბაიჯანი, რომელმაც ნორვეგია მაქსიმ მედვედევის მე-11 წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა (ვიდეო). ჯგუფის მესამე შეხვედრაში კი ჩრდილოეთ ირლანდიამ მოლოდინისამებრ სან მარინოს 4:0 სძლია. ბელფასტში მასპინძლებს ცოტა გაუჭირდათ, რადგან 79-ე წუთამდე მხოლოდ 1:0 იგებდნენ, თან სტუმრები კაცნაკლულები თამაშობდნენ. საბოლოოდ ჩრდილოეთ ირლანდიამ მეტოქე გატეხა და 15 წუთში სამი გოლი გაიტანა (ვიდეო).

ორი ტურის შემდეგ ჯგუფში მოულოდნელად ნორვეგიას და ჩეხეთს ერთი მოგებაც არ აქვთ და გოლიც არ გაუტანიათ. მესამე ტურში 11 ოქტომბერს გერმანია ჩრდ. ირლანდიას მიიღებს, ჩეხეთი შინ აზერბაიჯანთან შეეცდება სამი ქულის მოპოვებს, ხოლო ნორვეგია ოსლოში სან მარინოსთან გაარკვევს ურთიერთობას.

0.172925