ბლოგი

18:16 | 9.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

არასასურველი დიალოგი

– კაცო, გიორგი არ ხარ შენ? როგორ შეცვლილხარ, ძლივს გიცანი. ამასწინათ ტელევიზორში გნახე, ეკრანზე სულ სხვანაირი ხარ. არ მომეწონა ისე შენი მაშინდელი ლაპარაკი. ის რამ გათქმევინა, ქართული ფეხბურთი სწორად ვითარდება და ხალხი ამას ვერ ხედავსო?

– რომელი ხარ კაცო შენ?

– შენი კლასელი ვერ უნდა იცნო ბიჭო? რა იყო, რამე თანამდებობა დაირტყი თუ როგორაა საქმე?

– უი, გიცანი მგონი. რაო რას მეუბნებოდი? არ მოგეწონა ჩემი ლაპარაკი ფეხბურთზე თუ როგორ თქვი?

– ჰო, მაგას ვამბობდი. რომ გამოხვედი და იძახი, ხალხმა არაფერი იცის, თორემ ჩვენი ჩემპიონატი რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესოაო, ნამუსი არა გაქვს? კარგი, გასაგებია, რომ პოლიტიკურად და მორალურად ანგაჟირებული ხარ, მაგრამ ნამუსი? სადაა ნამუსი?

– კაცო, შენ შარზე ხომ არ ხარ? მე ხომ ისიც ვთქვი, რომ ჯერ კიდევ დიდი დრო გვჭირდება სანამ ისეთი გუნდი გვეყოლება, რომელიც ევროპაზე და მსოფლიოზე გავა - მეთქი. შენ რაც არ გაწყობს იმას ვერ იგებ როგორც ჩანს.

– კაცო, მეხუმრები თუ როგორაა შენი საქმე? რას ქვია “ჯერ კიდევ?”. თქვენ არაფერი არ გააკეთოთ და მომავლის იმედი გქონდეთ – ეგ რა დამოკიდებულეებაა ვერ ვხვდები.

– აბა ძველი დრო ჯობდა? არ გახსოვს ფეხბურთში რა აბებიც ხდებოდა და რა შავი ფულიც ტრიალებდა? ახლა კორუფცია მაინც არაა ეგეთი მასშტაბების.

– ანუ შენვე აღიარებ, რომ კორუფცია ისევ არის, უბრალოდ მასშტაბებია სხვა ჰო?

– თქვენ საკუთარი თავი გგონიათ ყველაფრის მცოდნეები და ჭკვიანი ხალხის მოსმენა არ გინდათ. გეუბნები კაცო, რომ ახლა ბევრად უკეთესი მდგომარეობაა.

– ბიჭო, შენ სულ გამოექსპერტებულხარ რაც არ მინახიხარ იმის მერე და სინდისიც მთლად დაგიკარგავს. ყველაფრის ეგრე გამართლება და “გაპრავება“ გაგონილა კაცო?

– რამე ხომ არ გეშლება შენ ბიჭო? შენი უბნელი “ბირჟავიკი“ ხომ არ გგონივარ, ახლა ამეებზე რო აგყვე?

– არადა სულ სხვანაირი იყავი ბავშვობაში. ვინ იფიქრებდა, რომ გამოექსპერტდებოდი...

– შენ ცოტა სიტყვები შეარჩიე გაიგე?

– სუფთა ის ყოფილხარ ჩვენ რომ ვიცით...

– ბიჭო, აზრზე მოდი მეთქი! წავედი მოკლედ. საერთოდ რას გელაპარაკებოდი, მეც მაგარი ვარ რა...

– წადი წადი, ახალი სისულელეები გაქვს ტელევიზორში დასაბრეხვებელი...

- ბოღმიანებო თქვენა!

0.129497