ფეხბურთი

1:06 | 9.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

უელსი VS საქართველო - ბოლო შანსი და ტკბილი წარსული

“ალბათ ეს ჩვენი ბოლო შანსია მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად”, - ეს სიტყვები საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს ეკუთვნის. ძნელია არ დავეთანხმოთ – ორი ტურის თავზე საქართველოს ნაკრების აქტივში მხოლოდ კარგი თამაში და 0 ქულაა. რამდენად რეალურია სამი ქულა დაგეგმო სტუმრად უელსის ნაკრებთან სხვა საკითხია. იმ უელსთან, რომელმაც სამი თვის წინ, ევროპის ჩემპიონატზე ფურორი მოახდინა და ნახევარფინალამდე დამსახურებულად მივიდა.

ვლადიმირ ვაისმა ისიც აღნიშნა, რომ თამაშის ხარისხი გვაქვს, მაგრამ ახლა გოლებიც უნდა გავიტანოთო – სლოვაკი აქაც სიმართლეს ამბობს.

რა, როგორ იქნება დღევანდელ მატჩში წინასწარ არავინ იცის, თუმცა ახლა იმაზე ვისაუბროთ თუ რა სიტუაციაა თამაშის წინ.

შემადგენლობა

კარში ალბათ ისევ გიორგი ლორია იქნება – მიუხედავად იმისა, რომ “კრილია სოვეტოვის” კიპერს ირლანდიაში მინუსები ჰქონდა, ძნელად სავარაუდოა, ვაისმა მეკარის ჩანაცვლება ასეთ მნიშვნელოვან მომენტში დააპიროს.

დაცვის ცენტრს ისევ სოლომონ კვერკველია და გურამ კაშია გაამაგრებენ. “რუბინის” უკანახაზელმა დუბლინში თავის არეში დაზიანება მიიღო და დღეს სპეციალური სახვევით ითამაშებს. მარჯვენა ფლანგზე ისევ ოთარ კაკაბაძეს უნდა ველოდოთ, მიუხედავად იმისა, რომ უჩა ლობჟანიძე უკეთაა. კაკაბაძემ ირლანდიასთან საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი და ასე თუ გააგრძელებს, მალე შეუცვლელი იქნება ნაკრებში. რაც შეეხება საპირისპირო ფლანგს – დუბლინში გიორგი ნავალოვსკიმ ითამაშა, თუმცა არცთუ მაღალ დონეზე და ამას თუ დავუმატებთ იმ ფაქტს, რომ ზურაბ ცისკარიძე მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ახლდა მწვრთნელს, შესაძლოა, სწორედ ეს უკანასკნელი ვიხილოთ სასტარტოში. თუმცა, ის შემთხვევებიც არაერთხელ ყოფილა, როდესაც მედიასთან სასაუბროდ სათადარიგო შემადგენლობის წევრები მისულან. ასე რომ, წესით, მოედანზე პირველივე წუთიდან ნავალოვსკი უნდა ვიხილოთ მაინც.

საყრდენი ნახევარმცველების პოზიციაზე დიდი არჩევანი ვაისს არ აქვს და ეგეც არ იყოს, ირლანდიასთან ბუბა დაუშვილსა და განსაკუთრებით, ვალერიან გვილიას არაფერი დაეწუნებოდათ. სამი შემტევი, რომლებიც გამოკვეთილი ფორვარდის უკან გაირჯებიან, ალბათ იგივე შემადგენლობით დაკომპლექტდება – თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე და ვაკო ყაზაიშვილი. თუმცა, არც ჯაბა ჯიღაურის გამოჩენა უნდა გაგვიკვირდეს სასტარტოში.

ცენტრფორვარდის პოზიციაზე კი, ორი აზრი არაა, ისევ ლევან მჭედლიძე გაირჯება. “ემპოლის” შემტევი დუბლინში ძალზე აქტიური იყო, შესაბამისად, ვაისს მისი თადარიგში დატოვების მიზეზი არ აქვს. ეგეც არ იყოს, არც სხვა ფორვარდები არიან კარგ ფორმაში.

შესაბამისად, მივიღეთ ასეთი სავარაუდო შემადგენლობა: (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, ნავალოვსკი (ცისკარიძე); დაუშვილი, გვილია; ოქრიაშვილი, ანანიძე, ყაზაიშვილი (ჯიღაური); მჭედლიძე

მეტოქე

უელსის ნაკრების შესახებ მარტო იმის თქმაც კმარა, რომ ევრო 2016-ზე გუნდი დიდებულად გამოვიდა და საბოლოოდ საუკეთესო ოთხეულში მოხვდა. ისე კი, ეს უელსელთა პირველი ევროპის ჩემპიონატი გახლდათ. “ლომების” ღირსებას არაერთი ცნობილი ფეხბურთელი იცავს, მაგრამ მათ შორის, უდაოდ გამოსარჩევი რა თქმა უნდა, გარეტ ბეილია – მადრიდის “რეალის” ვარსკვლავი. უნდა აღინიშნოს, რომ კრის კოულმენის გუნდს დღევანდელ მატჩში საკადრო პრობლემები აწუხებს, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში: აარონ რემზის ჯო ალენიც შეუერთდა, მათი არყოფნა კი უელსისთვის მართლაც დიდი დანაკლისია.

მიმდინარე შესარჩევ ციკლში კოულმენის ბიჭებმა ჯერ “კარდიფ სიტი სთედიუმზე” 4:0 გაანადგურეს მოლდოვა, ხოლო სამი დღის წინ, ვენაში, ავსტრიასთან ფრეს გამორჩნენ. საერთოდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ უელსის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩატარებული ბოლო 11 თამაშიდან 6 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, ხოლო ერთადერთხელ დამარცხდა.

უელსის ნაკრები ძირითადად 3-5-2 ტაქტიკური სქემით თამაშობს: ამ განლაგებამ მოუტანა კოულმენის გუნდს ევრო 2016-ზე დიდი წარმატება და ასე გრძელდება დღემდე.

სავარაუდო შემადგენლობა (3-5-2): ჰენესი; განტერი, ჩესტერი, უილიამსი, დევისი, ტეილორი; კინგი, ედვარდსი, ლედლი; ბეილი, ვოუკსი

ტკბილი წარსული

თუ ირლანდიის ნაკრებთან საშინელი სტატისტიკა გვაქვს, ყველა წაგების სახით, უელსის ნაკრებთან ყველაფერი პირიქითაა: სამი თამაში, სამი მოგება, 8 გატანილი გოლი და ერთადერთი გაშვებული. მათ შორის, პირველი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მატჩად მიიჩნევა “ჯვაროსნების” ისტორიაში – ევრო 1996-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში 1994 წლის 16 ნოემბერს, საქართველომ უელსს 5:0 გადაურბინა თემურ ქეცბაიას დუბლით, გიორგი ქინქლაძის, შოთა არველაძისა და გოჩა გოგრიჭიანის გოლებით. სხვათა შორის, მაშინ “დინამო არენაზე” უელსელთა დღევანდელმა თავკაცმა კრის კოულმენმაც ითამაშა და როგორც მან აღნიშნა, ეს მატჩი მის სანაკრებო კარიერაში ყველაზე ცუდად აგონდება.

მერე იყო იმავე შესარჩევი ეტაპის საპასუხო თამაში 1995 წლის 7 ივნისს, კარდიფში – გამარჯვება ისევ ჩვენ დაგვრჩა, თუმცა ამჯერად მოკრძალებული ანგარიშით – 1:0. გადამწყვეტი გოლი გიორგი ქინქლაძემ 73-ე წუთზე გაიტანა.

საქართველოსა და უელსის ნაკრებთა დაპირისპირება კი, ბოლოს 2008 წლის 20 აგვისტოთი თარიღდება. ამხანაგური მატჩი, რომელსაც სუონსიმ უმასპინძლა, ქართველთა გამარჯვებით დასრულდა – 2:1. თუმცა, თავიდან მასპინძლები იგებდნენ ჯეისონ კუმასის სწრაფი გოლით, მაგრამ მეორე ტაიმში, ჯერ ლევან ყენიამ გაათანაბრა, ხოლო შეხვედრის ბოლო წუთზე ბექა გოცირიძემ გამარჯვების ბურთი შეაგდო. სხვათა შორის, იმ დღეს უელსის რიგებში ითამაშა დღევანდელი ნაკრების კაპიტანმა ეშლი უილიამსმა ითამაშა, ხოლო საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი შემადგენლობიდან მაშინ მოედანზე გიორგი ლორია, ლევან მჭედლიძე და უჩა ლობჟანიძე იყვნენ.

მოკლედ, როგორც ხედავთ, უელსის ნაკრებთან მოსაგანორი ბევრი გვაქვს და თან ძალიან ტკბილი, მაგრამ მას შემდგომ ბევრი დრო გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა. იმედია, როგორც ირლანდიელთა წინააღმდეგ არ ირღვევა არაფრით ტრადიცია, ასევე იქნება უელსის ნაკრებთან მიმართებაშიც...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115205