საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უელსთან გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ჯვაროსნებისთვის" შესაძლოა უელსთან შეხვედრა ჯგუფიდან გასვლის ბოლო შანსი იყოს.
ვლადიმირ ვაისი: "შესაძლოა, უელსთან მატჩი ჩვენი ბოლო შანსია. საქართველოს ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია ქულების აღება და არ დავნებდებით. ცუდად არ ვთამაშობთ, ხარისხი ჩანს, მაგრამ გოლები უნდა გავიტანოთ და დაცვასა და შემტევ ხაზს შორის ბალანსი შევინარჩუნოთ. ვიცი, რომ საქართველო სამჯერ შეხვედრია უელსს და სამივეჯერ დაუმარცხებია, მაგრამ კონკრეტულად ხვალინდელი მატჩის კუთხით ეს არაფერს ნიშნავს. მიუხედავად ამისა, იმედიანად ვარ და მჯერა, ხარისხიანადაც ვითამაშებთ და მეტოქეს არაფერს დავუთმობთ".
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კარდიფის "მილენიუმზე" უკვე ივარჯიშა, 9 ოქტომბერს კი ამავე სტადიონზე უელსთან ელის შესარჩევი ციკლის მესამე მატჩი. შეგახსენებთ, შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
დანაკლისი ორივე გუნდს აქვს, მაგრამ საქართველოს ნაკრებს ირლანდიასთან თამაშის შემდეგ არავინ გამოჰკლებია, უელსელებს კი არ ეყოლებათ ავსტრიასთან ერთ-ეღთი გოლის ავტორი ჯო ალენი, რომელიც ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ნახევარმცველია. ხოლო კაპიტანი აარონ რემზი რომ საქართველოსთან ვერ ითამაშებს, ეს ახალი ამბავი არაა.