ფეხბურთი

1:33 | 7.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

მოჯადოებული წრე (+VIDEO)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მერვედაც წააგო ირლანდიასთან. წააგო მშვენივრად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ, წააგო კურიოზული გოლით და სწორედ ეს გვტკენს გულს: როგორ შეიძლება, ასეთ ტაიმში გოლი ვერ გაიტანო და როგორ შეიძლება, ასე იოლად გაატანინო მეტოქეს.

56-ე წუთი იყო, ირლანდიელთა კაპიტანმა სიმუს კოულმენმა მარჯვენა ფლანგზე იოლად ჩამოიშიორა გიორგი ნავალოვსკი, შევიდა საჯარიმოში, გაუყვა ხაზს და მეკარის ბაქანთან შეაცურა ბურთი, სადაც არეულობა შეიქმნა, ვერც სოლომონ კვირკველიამ და ვერც გიორგი ლორიამ მოგერიება ვერ შესძლეს, კოულმენმა კი ფეხი მიჰკრა ლამის უკვე კარის ხაზიდან.

ფაქტობრივად, ლელო დადო ირლანდიელმა მარჯვენა მცველმა... ესაა კონცენტრაციის დაკარგვა, თორემ კოულმენი ლეო მესი ნამდვილად არაა, ასეთ გოლებს რომ გიტანდეს. ზოგადად, მეორე ტაიმი ინერტულად დაიწყო ჩვენმა ნაკრებმა და ირლანდიელთა გოლს ალოგიკურს ვერ დავარქმევთ, თუმცა ნამდვილად ალოგიკური იყო პირველი ტაიმის ფონზე.

ვაისის გუნდმა საწყისი 10 წუთი ინერვიულა, მერე კი უპირატესობას დაეუფლა და პირველი ხიფათიც შექმნა: ორი წუთის განმავლობაში ფლობდნენ ბურთს ქართველები, მერე ვაკო გვილიამ მარჯვნივ გააყოლა ოთარ კაკაბაძეს, რომელმაც საჯარიმოში გასწვრივი პასი გააკეთა და ვაკო ყაზაიშვილი შემობრუნებით ურტყამდა - ააცილა.

დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში ვფლობდით უპირატესობას, მერე ისევ გათანაბრდა თამაში და ხელახლა გაუჭირდათ მასპინძლებს: საქართველო მშვენივრად ათამაშდა, მეტიც, ერთ-ერთი საუკეთესო ტაიმიც კი ჩაატარა. ერთ შეტევაში ორჯერ გადარჩნენ ირლანდიელები: ჯერ ლევან მჭედლიძემ თავით ხარიხას მოარტყა ბურთი, დამატებაზე კი გურამ კაშიამ ასევე თავით ძელს... იღბალი საჭიროა, მაგრამ ყველაფერი ირლანდიელთა სასარგებლოდ იყო. მალევე, ჯანო ანანიძის მწვავე პასის შემდეგ, ყაზაიშვილმა დაასწრო მეურვეს, დარტყმაც მოახერხა და მეკარე რენდოლფმა იხსნა თავისიანები. ონილის გუნდი დაბნეული იყო და ვიტყოდით, რომ სულზე მოუსწროთ შესვენებამ. არა მხოლოდ მომენტები, ქართველები დროდადრო ისე ათამაშებდნენ ბურთს, მასპინძლები მხოლოდ მაყურებლის როლში რჩებოდნენ.

აი, მეორე ნახევარი კი სხვაგვარად დაიწყო, ქართველები ინეტრულნი ჩანდნენ, ხშირად კარგავდნენ ბურთს ცენტრში. ვერ შეასრულა თავისი ამოცანა ჯანო ანანიძემ, მისგან გაცილებით მეტს ველოდით. მოუკლეს აქტიურობას სხვა შემტევებმაც და ყველაზე უკეთ ისევ დებიუტანტი ვაკო გვილია გამოიყურებოიდა.

გაშვებული გოლის შემდეგ, დაახლოებით 5-6 წუთი ქართველებმა შეტევაში გაატარეს, ოღონდ რეალური ხიფათი ვერ შექმნეს. პრობლემად იქცა ნორმალურად ბურთის ჩაწოდება - ხან უმისამართოდ გამოსდიოდათ, ხან ირლანდიელებს ახვედრებდნენ.

სამწუხაროდ, მერამდენედ გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრები ვერ ახერხებს ორი ტაიმის სტაბილურად კარგად ჩატარებას. ან პირველია კარგი, ან მეორე, ან ვერცერთი. ორივე ერთად ბოლო პერიოდში ვერც გვახსენდება. გამოჩნდა, რომ ირლანდიელები უფრო მხნედ გამოიყურებოდნენ, რამდენიმე სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს და ხარიხამაც გვიხსნა. და მაინც, იყო შესაძლებლობა, რომ თუნდაც შედარებით სუსტად ჩატარებულ მეორე ტაიმში გოლამდე მიგვეყვანა საქმე. ვერ ხერხდებოდა დარტყმა, ჩაწოდება ხომ საერთოდ პრობლემად იქცა და ბურთის ამდენმა გათამაშებამ შედეგი ვერ მოიტანა.

ირლანდიას არაფრით გავუოცებივართ. ზუსტად ისე ითამაშა, როგორც ველოდით: აქცენტი გააკეთა ძალისმიერ თამაშზე, ნებისმიერი სიტუაციიდან მაღალ ჩაწოდებებზე. ეგ იყო, გოლი გამოუვიდათ სხვაგვარი.

ბოლოს ვაისი ვა-ბანკზე წავიდა, სულ შემტევები შეიყვანა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მოჯადოებული წრეა, ირლანდიასთან ფრესაც კი ვერ ვახერხებთ - მერვე მატჩი, მერვე წაგება. წინ კი 9 ოქტომბერს უელსთან გასვლითი მატჩია.

დუბლინი. "ავივა სტედიუმი". 46 000 მაყურებელი

ირლანდია-საქართველო 1:0 (0:0) მიმოხილვა

ირლანდია: რენდოლფი, კოულმენი, დაფი, კლარკი, უორდი, ჰენდრიკი, მაკარტი, ბრეიდი (ველანი 79), მაკლინი, ვალტერსი, ლონგი (ოში 90+4)

მწვრთნელი: მარტინ ონილი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი (კობახიძე 89), დაუშვილი (კაჭარავა 90+3), გვილია, ანანიძე (სხირტლაძე 72), ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, მჭედლიძე

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გოლი: 1:0 კოულმენი (56)L

გაფრთხილება; ჰენდრიკი (83), მჭედლიძე (87)

მსაჯი: შაპრონი (საფრანგეთი)

სტატისტიკა

ბურთის ფლობა %: 45-55, დარტყმა: 9 (3) - 11 (3), კუთხური: 2-5, თამაშგარე: 4-0, ჯარიმა: 11-10, პასები: 322-469, ზუსტი პასები: 276-416

ჯგუფის პარალელური მატჩები ასე დასრულდა: ავსტრია-უელსი 2:2, მოლდოვა-სერბეთი 0:3

1. უელსი 2 1 1 0 6:2 4
2. სერბეთი 2 1 1 0 5:2 4
3. ავსტრია 2 1 1 0 4:3 4
4. ირლანდია 2 1 1 0 3:2 4
5. საქართველო 2 0 0 2 1:3 0
6. მოლდოვა 2 0 0 2 0:7 0

0.204126