არგენტინის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პარაგვაისთან და პერუს ნაკრებებთან სათამაშოდ ემზადება, თუმცა მთავარი ვარსკვლავის ლიონელ მესის გარეშე.
“ალბისელესტეს” მთავარი მწვრთნელი ედგარო ბაუზა ამაში პრობლემას ვერ ხედავს. როგორც მან Tyc Sports-ს განუცხადა, მესის პაულო დიბალა შეცვლის.
“დიბალა არის ფეხბურთელი, რომელსაც მესის შეცვლა შეუძლია. ვფიქრობ, რომ როგორც მოთამაშე იგი გაიზარდა - პაულოს მესისთან ერთად და ასევე, მის პოზიციაზე თამაში ხელეწიფება.
ბოლო ექვს თვეში მან საოცრად მოუმატა, დიდ პროგრესს განიცდის და გახდა ფუნდამენტური მნიშვნელობის ფეხბურთელი თავისი გოლებითა და საგოლე გადაცემებით”, - თქვა ბაუზამ.
შეგახსენებთ, დიბალას არგენტინის ნაკრებში დებიუტი სექტემბერში ჰქონდა ურუგვაის ნაკრებთან, თუმცა წარუმატებელი – პირველივე ტაიმში წითელი ბარათი მიიღო.