ფეხბურთი

17:27 | 4.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლომაია - "დინამოზე", ნაკრებსა და "ტიფლისთან" ურთიერთობაზე

გიორგი ლომაია თბილისის "დინამოს" პირველი მეკარე გახდა. ფრანგი ანტონი სკრიბეს გაშვების შემდეგ, 37 წლის გოლკიპერს მნიშვნელოვანი როლი დაეკისრა, ქვეყნის ჩემპიონს რთული პერიოდი უდგას, თავის ჯგუფში მესამე ადგილზეა. სანამ ინტერვიუზე გადავიოდეთ, გეტყვით, რომ ლომაია მეორელიგელ კლუბ "ტიფლისს" უდგას გვერდში. ის კლუბის ხელმძღვანელებთან მეგობრობს და როგორც თავად თქვა, "ტიფლისს" შეძლებისდაგვარად დაეხმარება, სამიოდე თვის წინ დაფუძნებული კლუბისთვის კი ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია.

"ტიფლისი" მეორე ლიგის აღმოსავლეთის ა ჯგუფში (სულ 8 ჯგუფია) ცხრილის შუაშია და მიზნად ჯერჯერობით ექვსეულში მოხვედრა დაუსახავს, სულ კი ცხრა გუნდია. კლუბის პრეზიდენტი მალხაზ ქოქიაშვილია, ხოლო მთავარი მწვრთნელი - გამოცდილი ლაშა გაფრინდაშვილი, რომელსაც ზურაბ ცაგარეიშვილი ეხმარება. გუშინ "ტიფლისს" მეორე ლიგის მეექვსე ტურის მატჩი ჰქონდა და "თიანეთს" არასაფეხბურთო ანგარიშით მოუგო - 15:3...

გუნდს ჯგუფში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს გატანილი გოლების მხრივ (26). მეტწილად 16-დან 20 წლამდე ჭაბუკები თამაშობენ. ამასთან, "ტიფლისი" ბავშვთა გუნდებსაც ქმნის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში.

ეს რაც შეეხება ლომაია-"ტიფლისს" შორის არაოფიციალურ ურთიერთობას, აქვე გიორგისთან ინტერვიუს გთავაზობთ და "დინამოს" ამბებით დავიწყოთ:

- რამ გამოიწვია "დინამოს" ასეთი წარუმატებელი სერია? ჩემპიონატში ოთხი ტურია არ მოუგია გუნდს.

- ვფიქრობ, ევროტურნირებზე წარუმატებელმა თამაშმა იმოქმედა. გუნდი მთელი კონცენტრაციით ვეღარ გადმოერთო ჩემპიონატში. უნდა გავითავისოთ პასუხისმგებლობა. რაც ხდებოდა, მხოლოდ მწვრთნელის ბრალი არ იყო, მოედანზე ფეხბურთელები გავდივართ სათამაშოდ.

- რამდენად ჩანს პერსპექტივა, რომ "დინამოში" მალე დამთავრდება კრიზისი?

- ერთი მოგებაა საჭირო, რომელიც ისევ უკეთესობისკენ წაიყვანს საქმეს. ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ და საქართველოს თასიც ავიღოთ.

- "დინამოში" ამ ზაფხულს დაბრუნდი, მანამდე კი წლების განმავლობაში ბაქოს "ინტერში" თამაშობდი. აზერბაიჯანის ჩემპიონატი ევროპის საკლუბო რეიტინგში უკვე 25-ეულშია...

- ფაქტია, საკმაოდ წინ წავიდნენ. სადაც ფულია, იქ შედეგიც ჩანს, ჩამოიყვანეს ძლიერი ლეგიონერები... წლეულსაც ორი გუნდი გაიყვანეს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, თუმცა ამჯერად რეგრესი აქვთ. ფინანსურად ისე ძლიერად აღარ არიან აზერბაიჯანული კლუბები. იმედია, საქართველოს ჩემპიონატიც მოძლიერდება. კარგია, რომ გაისად ათგუნდიან სისტემაზე გადავალთ, კონკურენცია მეტი იქნება, შედარებით კარგი გუნდები ოთხ-ოთხჯერ შეხვდებიან ერთმანეთს. რაც მთავარია, ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ, ჩვენს გასაკეთებელს სხვა არავინ გააკეთებს. ყველანი უნდა ვეცადოთ, რომ დონე ავწიოთ.

- ერთ-ერთ საიტზე გაჩნდა ინფორმაცია, ლომაია საქართველოს ნაკრებში ისევ გამოიძახესო.

- არ ვიცი, ჩემთან არავის დაურეკავს. ნაკრებში არავის გამოვუძახებივარ.

- მეკარეებიდან, ყველაზე მეტი მატჩი (45) ჩაგიტარებია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. ბოლო თამაში გახსოვს?

- ეს ექვსი წლის წინ იყო, თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას. შინ ესტონეთს 2:1 მოვუგეთ. ესტონეთით დავიწყე და ესტონეთით დავამთავრე. პირველი მატჩიც მათ წინააღმდეგ ჩავატარე, ეს 1998 წელს. მაშინ სოსო გრიშიკაშვილი შევცვალე.

- პირადად შენთვის, რომელი სანაკრებო მატჩი იყო გამოსარჩევი?

- ზოგადად, ხალხს უფრო შეცდომები ამახსოვრდება, ყველაზე სასიამოვნოდ კი რუსეთთან 1:0 მოგება მახსენდება. სულაც დიდი ანგარიშით უნდა მოგვეგო. მომენტები ჩვენ უფრო მეტი გვქონდა, ისე კი, ორჯერ მეც მოვიგერიე რთული ბურთი.

0.130588