კალათბურთი

0:35 | 4.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში გამოარჩიეს

შედეგიანად ჩატარებული ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის შემდეგ თორნიკე შენგელიას გარჯა დაუფასდა. "ლაბორალ კუჩას" ქართველი ლეგიონერი პირველი ტურის საუეთესოთა შორის დაასახელეს. Eurobasket.com-მა სიმბოლური ათეული შეადგინა, სადაც თოკოს მე-7 ადგილი არგუნა.

შეგახსენებთ, რომ “ლიგა ენდესას” (ესპანეთის უმაღლესი ლიგა) საწყის ტურში ბასკურმა კლუბმა სტუმრად “მონბუსს” 92:76 სძლია, ქართველი ფორვარდის მაჩვენებლები კი შემდეგი იყო: 19:56 წუთი, 19 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა.
თორნიკემ 9-დან 7 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

თორნიკეს კალათბურთელის მარგი ქმედების კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთაგან მხოლოდ ამერიკელ შეინ ლარკინს ჩამორჩა, რომლის მონაგარიც 19 ქულა, 6 მოხსნა, 8 პასი და 1 ჩაჭრა გახლდათ.
გასაკვირი არ ყოფილა, რომ სიმბოლურ ათეულში ლარკინიც მოხვდა და მას მე-6 პოზიცია ერგო, პირველი სამეული კი ასე დაკომპლექტდა: 1. ლუკა ზორიჩი (“სევილია”) – 22 ქულა, 11 მოხსნა. 2. ანტე ტომიჩი (“ბარსელონა”) – 13 ქულა, 11 მოხსნა. 3. ბოსტიან ნახბარი (“სევილია”) – 30 ქულა.

ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში არ უთამაშია “მორაბანკ ანდორას”, რომლის ღირსებასაც გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე იცავენ. ესპანეთის ჩემპიონატში 17 გუნდი ასპარეზობს, ანდორელებს კი საწყის ტურში დასვენება ერგოთ. მე-2 ტურში, რომელიც 6-7 ოქტომბერს შედგება, “ლაბორალ კუჩა” “მურსიას” უმასპინძლებს, “ანდორა” კი “გრან კანარიას” დაუხვდება.

GBF.GE

0.068203