იტალიის სერია A-ს ბინადარ “უდინეზეს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. როგორც ფრიულელთა გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ამიერიდან კლუბს ლუიჯი დელ ნერი უხელმძღვანელებს, რომელმაც ამ პოსტზე ბეპე იაკინი შეცვალა.
იაკინის გათავისუფლების მიზეზი კი, უდინელთა წარუმატებელი თამაში გახდა: საწყის შვიდ ტურში “უდინეზემ” 7 ქულის მოგროვება მოახერხა.
ლუიჯი დელ ნერის აქამდე “უდინეზე” არ გაუწვრთნია, მაგრამ 1979-1980 წლების სეზონში, როგორც ფეხბურთელი ისე იცავდა მის ღირსებას. დელ ნერის სხვადასხვა პერიოდში არაერთ გუნდში უმუშავია: “კიევო”, “რომა”, “პორტუ”, “პალერმო”, “ატალანტა”, “სამპდორია”, “იუვენტუსი”, “ჯენოა” – შარშან კი “ჰელას ვერონას” ედგა სათავეში, რომელიც სერია B-ში გავარდა.
გამოცდილ სპეციალისტს “უდინეზეში” დებიუტი 15 ოქტომბერს ექნება ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ.