იტალიის ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” ახალი მეკარის ძებნას იწყებს. როგორც “ბებერი სინიორას” სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ იტალიურ ტელე-რადიო კომპანია “რაის” განუცხადა, ჯიჯი კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს, მაგრამ მისი შემცვლელი საპოვნელი გვყავსო.
“ჯიჯის სურვილია, რომ თამაში კიდევ გააგრძელოს და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფრანჩესკო ტოტი კვლავ წარმატებით თამაშობს, მაშინ მეკარისთვის ეს უფრო ადვილი უნდა იყოს. თუმცა, უნდა შევთანხმდეთ, რომ ბუფონის შემცვლელი მოსაძებნი გვყავს”, - განაცხადა მაროტამ.
შეგახსენებთ, ჯანლუიჯი ბუფონი “იუვენტუსში” 2001 წლიდან მოყოლებული თამაშობს და როგორც მას აქამდე არაერთხელ უთქვამს, ფეხბურთის თამაშს 2018 წლამდე აპირებს.