ფეხბურთი

15:20 | 2.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსია" პრანდელის ჩააბარეს

ესპანეთის პრიმერადივიზიონის ბინადარ “ვალენსიას” ამიერიდან ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ჩეზარე პრანდელი გაწვრთნის. როგორც “ღამურების” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, 59 წლის აპენინელი “ესტადიო მესტალიაზე” 2018 წლის 30 ივნისამდე იმუშავებს.

“ბედნიერი ვარ აქ, “ვალენსიაში” ყოფნით. ეს ძალიან დიდი გუნდია და ერთი სული მაქვს, როდის შევუდგები ჩემს სამუშაოს. დიდი მადლობა ყველას, ვინც მენდო”, - განაცხადა პრანდელიმ.

ჩეზარე პრანდელი ბოლო პერიოდში უმუშევარი გახლდათ. ბოლოს იგი სტამბულის “გალათასარაის” ედგა სათავეში, თუმცა წარუმატებელი შედეგების გამო 2015 წლის შემოდგომაზე დაითხოვეს. მანამდე პრანდელი სხვადასხვა პერიოდში წარმატებით წვრთნიდა “პარმას”, “ფიორენტინასა” და იტალიის ნაკრებს. “სკუადრა აძურა” მასთან ერთად 2012 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

რაც შეეხება “ვალენსიას”, “ღამურებმა” სეზონი ძალზე წარუმატებლად დაიწყეს და ლა ლიგაში ამ დროისთვის აუტსაიდერთა შორის იმყოფებიან.

0.112327