ფეხბურთი

16:47 | 29.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ჭიათურას“ სამი ქულა დააკლდა, "ბორჯომი" დაჯარიმდა

28 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია-ცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში მომხდარი პროცედურული გადაცდომები. 2016 წლის 16 სექტემბერს „ბორჯომი“ - „ჭიათურას“ მატჩში (დასრულდა 2:0) სტუმართა რიგებში შეცვლაზე შევიდა მოთამაშე ნიკოლოზ გაბაძე, რომელიც მატჩის ოქმში არ იყო შეყვანილი სათადარიგოებს შორის. სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად „ჭიათურას“ ჩაეთვალა 0:3 წაგება და დააკლდა 3 ქულა, ხოლო ჯარიმის სახით შეეფარდა 2500 ლარი.

სადისციპლინო კომიტეტმა ასევე განიხილა „ბორჯომისა“ და თბილისის „დინამოს“ (დასრულდა 0:3) სათასო დაპირისპირებისას მომხდარი დარღვევები. ამა წლის 21 სექტემბერს ივანწმინდაში მატჩი დაიწყო 15 წუთის დაგვიანებით, ვინაიდან მასპინძლის რანგში მოთამაშე „ბორჯომმა“ ვერ შეძლო სასწრაფო დახმარების ბრიგადის დროულად მიყვანა სტადიონზე. სადისციპლინო კოდექსის 91-ე მუხლის მიხედვით, რაც შეხვედრის შეფერხებით დაწყებას გულისხმობს, პირველი ლიგის კლუბი დაჯარიმდა 1000 ლარით. ვინაიდან ამავე მატჩის მიმდინარეობისას „ბორჯომის“ გულშემატკივართა ჯგუფის მხრიდან ადგილი ჰქონდა შეხვედრის არბიტრის არაერთგზის შეურაცხყოფას სკანდირების ფორმით, სადისციპლინო კოდექსის 113-ე მუხლის თანახმად კლუბი დაჯარიმდა 5000 ლარით.

სფფ-ის პრესსამსახური

0.135692