ფეხბურთი

16:10 | 28.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

207-ე მატჩის წინ

1990 წლის 27 მაისიდან დაწყებული, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 206 მატჩი ჩაუტარებია და მორიგი თამაში დუბლინში ირლანდიასთან ექნება. 207-ე 6 ოქტომბერს გაიმართება. 9 ოქტომბერს კი 208-ე უელსთან გველის.

რა თქმა უნდა, ყველა კუთხით უარყოფითი ბალანსი გვაქვს: გინდ ოფიციალურებში და გინდ ამხანაგურებში, გინდ სტუმრად და გინდ შინ.

ეროვნული ნაკრების მატჩების სტატისტიკა:

206 მატჩი - 60 მოგება, 39 ფრე, 107 მარცხი, ბურთები 229:309

მხოლოდ შესარჩევებში:

შინ: 54 მატჩი - 18 მოგება, 13 ფრე, 23 წაგება, ბურთები 58:61, ქულა 67

სტუმრად: 53 მატჩი - 7 მოგება, 6 ფრე, 40 წაგება, ბურთები 49:103, ქულა 27

სულ: 107 მატჩი - 25 მოგება, 19 ფრე, 63 წაგება, ბურთები 107:164, ქულა 94

ნაკრებს გასვლაზე შესარჩევის მხოლოდ 7 მატჩი მოუგია და მათ შორის, ერთ-ერთი უელსთან. უელსი ამხანაგურშიც დაგვიმარცებია სტუმრად, ეს 2008 წელს, აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღეში. ვაგებდით და 2:1 ვიმარჯვეთ. ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველომ მხოლოდ ერთხელ მოიგო გასვლაზე (შესარჩევი), ისიც გიბრალტართან.

შესარჩევში სტუმრად გამარჯვებები:

1994. ალბანეთთან 1:0 (შოთა არველაძე), 1995. უელსთან 1:0 (ქინქლაძე), 1997. მოლდოვასთან 1:0 (ქეცბაია), 2000. ლიტვასთან 4:0 (ქეცბაია 2, ქინქლაძე, არჩილ არველაძე), 2005. ყაზახეთთან 2:1 (დემეტრაძე 2), 2006. ფარერებთან 6:0 (მუჯირი, იაშვილი, კობიაშვილი, შოთა არველაძე 3), 2014. გიბრალტართან 3:0 (გელაშვილი, ოქრიაშვილი, კანკავა)

ოქტომბერში ჩატარებული მატჩებიდან ორს გამოვარჩევთ. 1995 წელს შინ ბულგარეთთან 2:1 და 2007 წელს ასევე თბილისში შოტლანდიასთან 2:0. ბულგარეთიც და შოტლანდიაც საქართველოს დედაქალაქს ჯგუფის ლიდერის სტატუსით ეწვივნენ, თუმცა დამწუხრებულნი გაბრუნდნენ. სტოიჩკოვი და კომპანია მაინც გავიდა ჯგუფიდან, აი ბრიტანელებს კი მარცხი ძვირად დაუჯდათ.

დღესდღეობით ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტი "კეპი" უჩა ლობჟანიძეს აქვს - 50. სავარაუდოდ, 50-ს მალევე შეასრულებს გურამ კაშია, რადგან 48 მატჩი აქვს ჩატარებული, წინ კი ირლანდიასთან და უელსთან შეხვედრებია. ისე, ნაკრების მოქმედი ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტი სანაკრებო მატჩი ჯაბა კანკავას აქვს (61), თუმცა კაპიტანი სათამაშოდ მზად არაა და უახლოეს ორ თამაშშიც დაგვაკლდება.

დიდი ალბათობით, სწორედ კაშია იქნება კაპიტანი უახლოეს შეხვედრებში. მას აქვს ლიდერის თვისებები და როგორც ფეხბურთელიც, მნიშვნელოვანი ფიგურაა ნაკრებში. უკვე 6 წელია, კაშია არნემის "ვიტესში" კაპიტნის სამკლავურს ატარებს.

გოლებს რაც შეეხება, თორნიკე ოქრიაშვილსა და ჯაბა კანკავას გაუტანიათ 7-7 გოლი. მოქმედი ფეხბურთელებიდან სწორედ მათ აქვთ ყველაზე კარგი შედეგი.

საოქტომბროდ გამოძახებულ შემადგენლობაში სამი ისეთი ფეხბურთლია, ჯერ დებიუტი რომ არ ჰქონიათ: ვაკო გვლია, დავით ხოჭოლავა და ლაშა პარუნაშვილი.

ნაკრების ისტორიაში მხოლოდ 5 ფეხბურთელი ყოფილა, რომლებსაც გოლების გრაფაში ორნიშნა რიცხვი უწერიათ: შოთა არველაძე - 26, თემურ ქეცბაია - 17, ალექსანდრე იაშვილი - 15, ლევან კობიაშვილი და გიორგი დემეტრაძე - 12.

კონკრეტულად უახლოეს მეტოქესთან დაპირისპირებებზე კი სასიამოვნო რა გავიხსენოთ? შვიდჯერ შევხვედრილვართ და შვიდივეჯერ წაგვიგია, 4 გოლი გაგვიტანია და 15 გაგვიშვია. აქედან, მხოლოდ ერთხელ მოახერხდა დუბლინში გატანა, ეს 2009 წელს ალექსანდრე იაშვილმა მოახერხა - პირველივე წუთზე.

0.136966