ფეხბურთი

23:10 | 24.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

კაკაბაძის დებიუტი, ნავალოვსკისა და ლიპარტიას საგოლეები, კვირტიას გოლი

საბერძნეთში მესამე ტურში პირველად მოიგო გიორგი ნავალოვსკის “ვერიამ”, კერძოდ, სტუმრად 2:1 აჯობეს “პანიონიოსს”. ქართველმა მარცხენა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და საგოლე პასიც გააკეთა. მთლიანობაში, ბერძნული პრესის ცნობით, გიორგი ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ მინდორზე. ნავალოვსკიმ გაფრთხილებაც მიიღო.

საგოლე პასი გაახერხა ჯაბა ლიპარტიამაც. უკრაინის პრემიერლიგაში ‘ზორიამ” 2:1 სძლია სანდრო კობახიძის “ვორსკლას”. ლიპარტიამ ბოლო 17 წუთი ითამაშა და მოასწრო თავის გამოჩენა. კობახიძეს რაც შეეხება, სასტარტოში გახლდათ და 75-ე წუთზე შეცვალეს. “ზორია” მეორე პოზიციაზეა, “ვორსკლა” კი – მეექვსეზე.

ასევე უკრაინაში, 21-წლამდელთა ჩემპიონატში ოდესის ‘ჩერნომორეცის” მცველმა გიორგი გადრანმა გაიტანა. მან “დნიპროსთან” 2:1 მოგებულ შეხვედრაში გამოიჩინა თავი.

უნგრეთში “დიოშდიორი” შინ 1:3 დამარცხდა “დებრეცენთან” და 11 ტურის შემდეგ, ბოლო ადგილზეა. “დიოშდიორში” 90 წუთი გაისარჯა ბუბა დაუშვილი და ყვითელი ბარათიც მიიღო.

რუსულ პრემიერლიგაში ცსკა-“კრასნოდარი” 1:1 დასრულდა. თორნიკე ოქრიაშვილი მხოლოდ განაცხადში ყოფნით შემოიფარგლა.

ასევე არ უთამაშია ვენის “რაპიდის” ქართველ ფორვარდ გიორგი ქვილითაიასაც. “სენტ პოლტენთან” შეხვედრაში (1:1) სათადარიგო გახლდათ. “რაპიდი” მესამეზეა ავსტრიის ჩემპიონატში.

აზერბაიჯანში, ზაურ სვანაძის გაწვრთნილმა ბაქოს “ინტერმა” სტუმრად 3:1 მოუგო აზალ-ს და ცხრილს ლიდერობს, თუმცა “გაბალასა” და “ყარაბახს” ამ ტურში სათამაშო აქვთ. “ინტერში” ზურაბ ხიზანიშვილმა ითამაშა, აზალ-იდან კი ერთადერთი გოლი ნუგზარ კვირტიამ გაიტანა. კვირტიას გარდა, აზალ-ში დავით ჯანელიძემაც ითამაშა, ბოლო 8 წუთი.

და ბოლოს, ოთარ კაკაბაძეს დებიუტი ჰქონდა ესპანეთის სეგუინდა დივიზიონში. “ხიმნასტიკმა” სტუმრად 0:2 წააგო “კორდობასთან” და 7 ტურის შემდეგ ბოლო ადგილზეა. მოგება არ აქვს: 4 ფრე და 3 წაგება. კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა.

0.145147