ლონდონის "არსენალმა" პრემიერლიგის მე-6 ტურში "ჩელსი" 3:0 დაამარცხა. "მეთოფეებმა" "არისტოკრატებს" საქმე პირველივე ტაიმში მოუგვარეს. მე-11 წუთზე ალექსის სანჩესმა მასპინძლები დააწინაურა. ჩილელისთვის "არსენალის" რიგებში საიუბილეო მე-100 მატჩი გახლდათ და ჯამში თავი 47-ჯერ გამოიჩინა. სამხრეთამერიკელს ტიერი ანრიზე ერთი გოლით ნაკლები აქვს გატანილი. ფრანგმა 100 მატჩში 48-ჯერ შეძლო გულშემატკივრების გახარება.
მე-14 წუთზე ორამდე უპირატესობა თეო უილკოტმა გაზარდა, ხოლო პირველი ნახევრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე საბოლოო ანგარიში მესუთ იოზილმა დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით "არსენალი" მესამე ადგილზე გადავიდა. პრემიერლიგას 100%-იანი შედეგის მქონე პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტი" ლიდერობს. "ქალაქელებმა" "სუონსი" სტუმრად 3:1 დაამარცხეს. მეორე პოზიციაზე 14 ქულით "ტოტენჰემია", რომელმაც ლიდერის ჰარი კეინის არყოფნის მიუხედავად, "მიდლსბრო" სტუმრად 2:1 დაამარცხა.