კალათბურთი

16:17 | 24.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

კევინ გარნეტმა კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა კევინ გარნეტმა აქტიური კარიერა დაასრულა. ამის შესახებ 40 წლის კევინმა საზოგადოებას თვითონ ამცნო. არადა, გარნეტმა ზაფხულში მშობლიურ “მინესოტა ტიმბერვულვზში” დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ შეკრების დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ კარიერა დაასრულა.

კევი გარნეტი მესამე ლეგენდარული მოთამაშეა მიმდინარე წელს კობი ბრაიანტისა და ტიმ დანკანის შემდგომ, ვინც თამაშს თავი დაანება. შეიძლება ითქვას, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გარკვეული ერაც კი დასრულდა.

გარნეტმა NBA-ში 21 სეზონი დაჰყო. პირველად “მინესოტაში” 1995 წელს გამოჩნდა და ქომაგების გულები მალევე მოიგო. 2004 წელს იგი MVP გახდა, თუმცა კევინი კარგად ხვდებოდა, რომ “მინესოტაში” “ოქროს ბეჭდის” მოგების შანსი მცირე ჰქონდა. ამიტომაც, 2007 წელს მან “ბოსტონ სელტიქსს” მიაშურა და პირველივე სეზონში ჩემპიონი გახდა. “დიდი სამი” – ასე ეძახდნენ “ბოსტონის” ტრიოს, გარნეტი-პირსი-ალენი. კევინი “სელტიქსთან” ერთად დიდ ფინალს 2010 წელსაც დაუბრუნდა, მაგრამ უფრო ძლიერი მაშინ “ლეიეკერსი” გამოდგა.

“ბოსტონში” გატარებული 6 ბრწყინვალე წლის მერე გარნეტმა “ბრუკლინ ნეტსს” მიაშურა, ხოლო ბოლო სეზონი მშობლიურ “მინესოტაში” გაატარა. გარნეტი თავისი 21-წლიანი კარიერის განმავლობაში პარკეტზე საშუალოდ 17.8 ქულას, 10 მოხსნას, 3.7 გადაცემას, 1.4 ბლოკ შოტსა და 1.3 ჩაჭრას აგროვებდა. “ყველა ვარსკვლავის” მატჩში გარნეტმა მონაწილეობა 15-ჯერ მიიღო(!) ამერიკის ნაკრებთან ერთად კი, კევინი 2000 წელს სიდნეიში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, NBA-ს გარკვეული ხანა დასრულდა: კობი, ტიმი და ახლა კევინი მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში აღარ თამაშობენ...

0.116113