ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სექტემბრის სუპერტურნირზე მე-11 დღის შეხვედრები მიილია და ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ქართველ სუმოისტებს სახარბიელო მდგომარეობა აქვთ.
განსაკუთრებით ცუდად მისდის საქმეები ლევან გორგაძეს იგივე ტოჩინოშინს, რომელიც სექტემბრის სუპერტურნირს დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით შეხვდა. მას 2 მოგების ფონზე უკვე 9 მარცხი მოუგროვდა და ნათელია, რომ რეიტინგში სერიოზულ ვარდნას ვერ გადაურჩება.
ქართველმა სეკიტორმა ამჯერად იორიკირით ბრაზილიელ კომუსუბი კაისეისთან წააგო, ხვალ კი ძალებს სეკივაკე ტაკარაფუჯისთან მოსინჯავს, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც 5:6 მარცხდება.
წარუმატებელი დღე ჰქონდა თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს, რომელიც აკი ბაშოზე აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს. ქართველმა სეკიტორმა, დასავლეთის მე-9 მაეგაშირა ტაკეკაძესთან ოკურიდაშით წააგო და ახლა ასეთი მონაგარი აქვს: 5 მოგება, 6 მარცხი.
გაგამარუს დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დასაფიქსირებლად დარჩენილი 4 შეხვედრიდან სამის მოგება მართებს. ხვალ ჯუღელი აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა ნიშიკიგის გაეჯიბრება, რომელთანაც წინა ბრძოლა წაგებული აქვს.
“იმპერატორის თასის” მოგებასთან ძალიან ახლოსაა იაპონელი ოძეკი გოეიდო, რომელმაც ზედიზედ მე-11 გამარჯვება ოძეკი კისენოსატოსთან იზეიმა და უახლოეს კონკურენტებს – იოკოძუნა ჰარუმაფუჯის და რიგით მაეგაშირა ენდოს უკვე ორ-ორი მოგებით გაუსწრო.