ფეხბურთი

11:41 | 20.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

საფეხბურთო თერაპია - სოფელი დიცი

შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში 2016 წლის 1 ივნისს, პროექტ საფეხბურთო თერაპიის ფარგლებში ბავშვთა საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბდა. დიცი საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მდებარე სოფელია, რომელიც ქალაქ გორიდან 31 კილომეტრითაა დაშორებული. გუნდის მთავარი მწვრთნელი 24 წლის გიორგი დუღაძეა, რომელიც ამავე სოფლის მაცხოვრებელია.მისი ხელმძღვანელობით დიცის გუნდში 27 მოზარდი კვირაში სამი დღე ვარჯიშობს.

პროექტის შესახებ დიცის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფონდი არველაძის ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა:

''საფეხბურთო თერაპიის დაწყებამდე სოფელ დიცში მაცხოვრებელი ბავშვები სპორტულ აქტივობებში ვერ მონაწილეობდნენ. დიციდან გორამდე 31 კილომეტრია, შესაბამისად ამხელა გზაზე მარტო სიარულს ვერ ახერხებდნენ. სოფელში არც ისე შეძლებული ოჯახები ცხოვრობენ, რადგან ოკუპაციის შემდეგ სოფლის საკმაოდ დიდი ტეროტორია საოკუპაციო ზოლს მიღმა აღმოჩნდა. ამიტომ ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს საკუთარ სოფელში, სახლებიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით აქვთ შესაძლებლობა საყვარელი საქმით დაკავდნენ. პროექტმა სოფელი გამოაცოცხლა და სპორტის მიმართ ინტერესი გააჩინა. ამ ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ სრულიად უანგაროდ ითამაშონ ფეხბურთი და საკუთარი თავი სპორტის ამ სახეობაში იპოვონ. უშუალოდ ფეხბურთის თამაშისა და სავარჯიშო პროცესის გარდა ფეხბურთელებს ვთხოვ, რომ კარგად ისწავლონ, სკოლა არ გააცდინონ და განათლება მიიღონ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთ გუნდში მყოფი ბავშვები ამ თვეების განმავლობაში დაახლოვდნენ და დამეგობრდნენ.'' - ამბობს დიცის მთავარი მწვრთნელი, გიორგი დუღაძე.

პროექტ საფეხბურთო თერაპიას 2010/2012 წლებში ორგანიზებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი და საქართველოს ეზოს ფეხბურთის ასოციაცია უწევდნენ. 2016 წლიდან ფონდი არველაძის ინიციატივით პროექტმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო. ივნისში, ფონდსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა საქმეების უმაღლეს კომისარიატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ფონდი არველაძის ინიციატივით გორისა და ცხინვალის საზღვრისპირა 15 სოფელში საფეხბურთო სკოლები დაფუძნდა, სადაც 300-მდე ბავშვს მთელი წლის განმავლობაში კვირაში სამი დღე ვარჯიშის საშუალება აქვს. ფონდმა 15 ადგილობრივი მწვრთნელის დაფინანსება, ბავშვებისთვის კი ეკიპირებისა და ვარჯიშისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა უზრუნველყო.

0.120034