ჭაბუკ მოჭიდავეთა თბილისური მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი დღე რჩება. დღეს საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ და ათი წონითი კატეგორიიდან ხუთი დანომრეს. საქართველოს ნაკრების ხუთი წევრიდან კი მედალი ორმა მოიპოვა – გიორგი გეგელაშვილმა (42 კგ) და თორნიკე ქათამაძემ (50 კგ) მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.
გეგელაშვილი კანადელი მაურის მაკნეილისა (13:6) და უკრაინელი ოლეგ გაიდარის (8:5) ძლევის შემდეგ, საჩემპიონო ბრძოლას ნახევარფინალიდან გამოეთიშა, აზერბაიჯანელ მაჰირ მამაზადასთან წაგებით (4:13). "ბრინჯაოს ფინალში” კი ყირგიზ აბდუმალიკ კარაჩოვს აჯობა (6:3).
თორნიკე ქათამაძემ ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა, მომავალ ჩემპიონთან – რუსეთის ნაკრების წევრ პეტრ კოპილოვთან მარცხით (5:6). იქამდე ქართველმა მოჭიდავემ უნგრელი რიჩარდ რაცი (10:0) და მექსიკელი რობერტო ალეხანდრო ბლანკო ადვილად ჩამოიშორა. რეპეშაჟში კი ჯერ გერმანელ ჰორსტ ლერს აჯობა (5:5), ხოლო გადამწყვეტ ბრძოლაში – იაპონელ დაიგო ჰატორის (8:6).
58 კილოგრამში მოჭიდავე გიორგი ელბაქიძეს ევროპოდიუმამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ძირითად ბადეში ინდოელი აკაშ დაჰიას (11:1), მოლდოველი ნიკოლაი გრამეზისა (8:6) და ბულგარელი ილია გეორგიევ ხრისტოვის (10:0) დამარცხების შემდეგ, ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას ნახევარფინალიდან გამოეთიშა, მომავალ ჩემპიონთან – ირანელ ამირუსეინ აზიმ მაგსუდისთან წაგებით (1:4). ბრინჯაოს მედალი კი რუსეთის ნაკრების წევრ ვადიმ ბიკოევთან დაკარგა (8:11) და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.
დღესვე საქართველოს დროშის ქვეშ გოგა მამიაურმა (69 კგ) და სიმონ ოკსანიანმაც (85 კგ) იჭიდავეს, მაგრამ ჩემპიონატს დილის პროგრამაშივე გამოეთიშნენ.
ხვალ თავისუფალ ჭიდაობაში საპრიზო სამეულები დარჩენილ ხუთ წონაში შეივსება. საქართველოს ნაკრების წევრთაგან კი იჭიდავებენ: ვლადიმერ გამყრელიძე (46 კგ), ამირან ვახტანგაშვილი (54 კგ), დანიელ მარქარაშვილი (63 კგ), მირიან მაისურაძე (76 კგ) და ელგუჯა ბალანჩივაძე (100 კგ).
თავისუფალი ჭიდაობა
ჭაბუკები
მსოფლიოს ჩემპიონატი
თბილისი
17 სექტემბერი
42 კგ
1 კურტ ნამდი მაკჰენრი (აშშ)
2 მაჰირ მამაზადა (აზერბაიჯანი)
3 გიორგი გეგელაშვილი (საქართველო)
3 მაგომედ აბდურახმანოვი (რუსეთი)
50 კგ
1 პეტრ კოპილოვი (რუსეთი)
2 ამირ ალიაკბარ პარასტეჰი (ირანი)
3 თორნიკე ქათამაძე (საქართველო)
3 ენგინ ჩეტინი (თურქეთი)
58 კგ
1 ამირუსეინ აზიმ მაგსუდი (ირანი)
2 ვიტალი არუჟაუ (აშშ)
3 ვადიმ ბიკოევი (რუსეთი)
3 დენის ბოროჰანი (უკრაინა)
5 გიორგი ელბაქიძე (საქართველო)
69 კგ
1 აბუბაკარ აბაკაროვი (აზერბაიჯანი)
2 საჯად საბარალი გოლამი (ირანი)
3 დოგუკან კალაიჩი (თურქეთი)
3 დავიდ აარონ კარი (აშშ)
85 კგ
1 დეეპაკ პუნია (ინდოეთი)
2 ნაილ სეიარი (თურქეთი)
3 ჯაკობ ალექსანდერ უორნერი (აშშ)
3 ალიკ შებზუხოვი (რუსეთი)
7 სიმონ ოსკანიანი (საქართველო)
ვასილ მშვილდაძე
თეგი: გიორგი გეგელაშვილი – თორნიკე ქათამაძე