ფეხბურთი

18:46 | 17.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სამტრედია” “დინამოს” დაეწია, “ჩიხურამ” პირველად წააგო

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეექვსე ტური დღეს სამი მატჩით დაიწყო. წითელ ჯგუფში ორი, ხოლო თეთრში ერთი შეხვედრა გაიმართა.

ჯერ წითელ ჯგუფზე ვთქვათ: ტურის ცენტრალურ მატჩში საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა “სამტრედიამ” გორის “დილას” მისსავე მოედანზე მოუგო. უგოლო პირველი ტაიმის მერე, მასპინძლებმა უფრო იძალეს და ანგარიშიც გახსნეს, მაგრამ გია ცეცაძის გუნდმა თამაში არათუ გადაარჩინა, საერთოდ მოიგო. ჯერ ბაჩანა არაბულმა გაუტანა მასპინძლებს, ხოლო მერე გიული მანჯგალაძემ და იმერლებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს, რისი წყალობითაც მეორე ადგილზე აინაცვლეს. სამტრედიელებს 11 ქულა აქვთ ბათუმის “დინამოს” დარად, მაგრამ ბურთების შეფარდება ოდნავ ცუდი კონკურენტთან შედარებით.

ბათუმის “დინამო” ისევ ერთპიროვნული ლიდერი ექნებოდა, “ჩელე არენაზე” მნიშვნელოვანი ორი ქულა რომ არ დაეკარგა. აჭარლებმა საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ ბოლნისის “სიონის” კარს გასაღები ვერ მოარგეს. სხვათა შორის, ბოლნისელთა სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ორ მატჩში “სიონმა” 4 ქულას მოუყარა თავი.

რაც შეეხება თეთრი ჯგუფის შეხვედრას – ივანწმინდაში ლანჩხუთის “გურია” უფრო ძლიერი გამოდგა, ვიდრე ჯგუფის ლიდერი და ამ მატჩამდე წაუგებელი საჩხერის “ჩიხურა”. გურულებმა ევგენი მურაშოვის ორი გოლით პირველივე ტაიმში მიაღწიეს საწადელს, საბა ლობჟანიძის გოლი კი, “ჩიხურასთვის” დაგვიანებული და მხოლოდ პრესტიჟისა გამოდგა.

ამავე ჯგუფის კიდევ ერთი მატჩი, თბილისური დერბი “ლოკომოტივსა” და “დინამოს” შორის ამ წუთებში “მიხეილ მესხზე” მიმდინარეობს. დღესვე, ქუთაისში, “ტორპედო” “ცხინვალს” დაუხვდება. VI ტური ხვალ, წითელი ჯგუფის მატჩით დასრულდება, რომელშიც “ზუგდიდი” თბილისის “საბურთალოს” უმასპინძლებს.

“ჩიხურა” – “გურია” 1:2 (0:2)

ივანწმინდა, “ცენტრალური”

გოლები: 0:1 მურაშოვი (16, პენ), 0:2 მურაშოვი (33), 1:2 ლობჟანიძე (83)

“დილა” – “სამტრედია” 1:2 (0:0)

გორი, “თენგიზ ბურჯანაძე”

გოლები: 1:0 გამცემლიძე (61), 1:1 არაბული (79), 1:2 მანჯგალაძე (87)

“დინამო” (ბთ) – “სიონი” 0:0 (0:0)

ქობულეთი, “ჩელე არენა”

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.060218