კალათბურთი

2:18 | 16.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები მონტენეგროში თორნიკე შენგელიას გარეშე ჩავიდა (+VIDEO)
ბოგდან ტანიევიჩი: “ბარში თბილისურ ატმოსფეროს ვერ შევქმნით”

სლოვაკეთის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროსაკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო მატჩის სათამაშოდ მონტენეგროში გაემგზავრა. ილიას ზუროსის გუნდმა ბალკანური ქვეყნისკენ გეზი სტამბოლის გავლით აიღო.

რეისი თბილისი-სტამბოლი-პოდგორიცა მონტენეგროს დედაქალაქში 15 სექტემბრის დილის 10 საათზე ჩაფრინდა, რის შემდეგაც ზღვისპირა საკურორტო ქალაქ ბარამდე საქართველოს ნაკრებმა ავტობუსით, 40 წუთის განმავლობაში იმგზავრა და სასტუმრო „პრინცესში“ დაბინავდა.

აღნიშნული სასტუმრო ადრიატიკის ზღვასა და სპორტულ არენა „ტოპოლიცეს“ შორის მდებარეობს. საქართველოს ნაკრების კალათბურთელებს საღამოს ვარჯიშზე წასასვლელად ტრანსპორტი არ დასჭირვებიათ. აღნიშნულ სასტუმროშია დაბინავებული მონტენეგროს ნაკრებიც, რომელიც ქალაქ ბარში საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე მატჩს მართავს. მონტენეგროელებმა პირველ შეხვედრაში სლოვაკეთს პოდგორიცეში უმასპინძლეს, ხოლო ალბანელებთან მატჩი „ტოპოლიცეს“ დარბაზი გამართეს.

„ტოპოლიცე“ საკმაოდ კომფორტული, მასიური და ლამაზი დარბაზია. გადმოსაშლელი პირველი იარუსის პირობებში აღნიშნული დარბაზი 5000 მაყურებელზე მეტს დაიტევს, თუმცა საქართველოსთან მატჩზე 2000-2500-ზე მეტ გუულშემატკივარს არ ელოდებიან. ეს ციფრი თავად ბოგდან ტანიევიჩმა, მონტენეგროს ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა დაასახელა. მას იუგოსლავიის ნაკრების შემადგენლობაში მიშა ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის წინააღმდეგ უთამაშია, როცა ეს უკანასკნელნი საბჭოთა კავშირის ნაკრების ღირსებას იცავდნენ.

საქართველოს ნაკრები ბარში გვარიანი დანაკლისით ჩამოვიდა. ექიმების გადაწყვეტილებით, თბილისში დარჩა თორნიკე შენგელია, რომელმაც სლოვაკეთთან გასულ მატჩში 29 წუთში 31 ქულა ჩააგდო. მიუხედავად იმისა, რომ მუხლი ბოლომდე მწყობრში არ ჰქონდა, თორნიკემ ეს მატჩი ითამაშა და შესანიშნავადაც, ხოლო მონტენეგროში სერიოზული გართულების თავიდან ასაცილებლად აღარ გაემგზავრა. შენგელია მუხლის მკურნალობას ბოლომდე მიიყვანს და საკუთარ კლუბში – “ლაბორალ კუჩაში“ გაემგზავრება.

საქართველოს ნაკრებმა ბარში ჩასვლის დღეს, საღამომდე დაისვენა და 7 საათზე „ტოპოლიცეს“ დარბაზში მსუბუქად ივარჯიშა. ილიას ზუროსმა კალათბურთელები ძირითადად სროლებში ავარჯიშა, მოთამაშეებმა ასევე ეგრედ წოდებული გაწელვები და მოთელვები გააკეთეს. ქართველების შემდეგ ვარჯიში ჰქონდათ მონტეგენროელებს, რომელთა მთავარი მწვრთნელი, ბოგდან ტანიევიჩი დარბაზში პირველი შემოვიდა და ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელსა და კაპიტანს კარგა ხანს ესაუბრა, რის შემდეგაც კომენტარი ჩენთვისაც გააკეთა:

„თბილისის ატმოსფერო აქ არ გამეორდება. თქვენთან ამაზე დიდი დარბაზი სავსე იყო, აქ კი 2000, მაქსიმუმ 2500 მაყურებელი მოვიდეს. მიუხედავად იმისა, რომ მონტენეგრო ევროპის ჩემპიონატზე გასულია, ამ მატჩის მოგება ჩვენთვის პრესტიჟის საქმეა. ესაა ბოლო ოფიციალური თამაში და მომავალი წლის ევრობასკეტის წინ გვინდა ძლიერ მეტოქესთან გავიმარჯვოთ და ჩვენს გულშემატკივრებში კარგი განწყობა შევქმნათ“.

საქართველოს ნაკრები 16 სექტემბერს ორჯერ ივარჯიშებს – დილას ტრენაჟორებზე, ხოლო საღამოს „ტოპოლიცეს“ დარბაზში გენერალურ ვარჯიშს გამართავს. მონტენეგროსთან მატჩი 17 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 21:00, ხოლო თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას პირდაპირ ეთერში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

www.gbf.ge

0.131028