ფეხბურთი

19:45 | 15.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის სიმბოლური

ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონი დაიწყო და უეფას ექსპერტებმა პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ყველაზე მეტი წარმომადგენელი "დორტმუნდს" ჰყავს, აქედან ორი ცენტრალური მცველია, სოკრატის პაპასტოპულოსი და მარკ ბარტრა, რომლებმაც "ლეგიასთან" მოგებულ მატჩში (6:0) გოლები გაიტანეს. ასევე დორტმუნდელია მარცხენაფლანგელი რაფაელ გერეირუ, რომელიც ტომას ტუხელს უფრო შეტევაზე ჰყავდა ორიენტირებული და პორტუგალიელმა გოლიც გაიტანა. მეოთხე მცველი კი ასევე გერმანული გუნდის, "ბაიერნის" ფეხბურთელი ხუან ბერნატია, რომელმაც მატს ჰუმელსი 51-ე წუთზე შეცვალა და "როსტოვთან" მოგებულ (5:0) შეხვედრაში მეხუთე გოლი გაიტანა. სიმბოლურის კარის დარაჯი "ატლეტიკოს" მეკარე იან ობლაკია. მადრიდელთა ფეხბურთელმა პსვ-სთან მატჩში ერთი პენალტი აიღი, კიდევ სამჯერ ესპანელები გაშვებული გოლისგან იხსნა და დიეგო სიმეონეს გუნდმა საბოლოოდ 1:0 გაიმარჯვა.

რაც შეეხება ნახევარდაცვას, უეფას ექსპერტებმა "ბაიერნის" მოთამაშე ჯოშუა კიმიხი გამოარჩიეს, რომელმაც რუსულ გუნდს 2 გოლი გაუტანა, ერთი საგოლე გადაცემა მას სიმბოლურში მოხვედრილმა ხუან ბერნატმა გაუკეთა. რიად მაჰრეზის გოლების წყალობით ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიული დებიუტი გამოუვიდა "ლესტერს". ალჟირელმა "ბრიუგესთან" დაპირისპირებაში დუბლი შეასრულა. მესამე ფეხბურთელი ნახევარდაცვაში კი კორენტენ ტოლისოა. "ლიონის" 22 წლის ფეხბურთელმა ზაგრების "დინამოს" დამარცხებაში წვლილი შეიტანა, ბევრი იაქტიურა და ერთ საგოლე გადაცემასთან ერთად გოლიც გაიტანა.

თავდასხმაში "სელტიკის" ამწიოკებელი დუეტი ნეიმარი და ლიონელ მესი გამოარჩიეს. შოტლანდიური გრანდი ესპანელებმა 7:0 დაამარცხეს. მესიმ სამი გოლი გაიტანა, ნეიმარმა ერთი. ბრაზილიელმა ასევე 4 საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო მესიმ ერთი. თავდასხმის ხაზში კიდევ ერთი სამხრეთამერიკელი მოხვდა. "მანჩესტერ სიტის" ლიდერმა სერხიო აგუერომ "გლადბახთან" მოგებულ (4:0) მატჩში ჰეთთრიკი შეასრულა.

0.117011