ფეხბურთი

21:32 | 15.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

რევაზ არველაძე: „ჩეფერინის პროგრამა უეფასა და საფეხბურთო ასოციაციებს შორის ბალანსზეა აგებული“

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი რევაზ არველაძე უეფას პრეზიდენტის პოსტზე ალექსანდერ ჩეფერინის არჩევას გამოეხმაურა და სლოვენიელს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. როგორც „ფონდი არველაძის“ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ის აღნიშნავს, უეფას ახალი პრეზიდენტი მაღალი დონის იურისტია, მისი საარჩევნო პროგრამა კი უკეთეს ადმინისტრირებაზე, უეფასა და საფეხბურთო ასოციაციებს შორის ბალანსზეა აგებული და იმედს გამოთქვამს, ჩეფერინის საქმიანობა ეფექტური იქნება.

''მინდა სლოვენიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ალექსანდერ ჩეფერინის უეფას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მივულოცო. იგი საკმაოდ კვალიფიციური და მაღალი დონის იურისტია. ჩეფერინი სლოვენიაში გამართულ ევროპის 17 წლამდე ჩემპიონატზე (2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში გავიდა) გავიცანი და ურთიერთობა მას შემდეგ მაქვს.

დიდ ორგანიზაციებს ახასიათებს პატარა ქვეყნებისა და მათი წარამომადგენლებისთვის შანსის მიცემა, ასე ხშირად ხდება მაგალითად გაეროში და ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც.
ჩეფერინის საარჩევნო სლოგანი და პროგრამა უკეთეს ადმინისტრირებაზე, უეფასა და საფეხბურთო ასოციაციებს შორის ბალანსზეა აგებული. იმედია, იგი აღნიშნულ პოსტზე მომავალი 2,5 წლის მანძილზე ეფექტურად იმუშავებს. დარწმუნებული ვარ სლოვენიელი უეფას პრეზიდენტობას მხოლოდ ორნახევარი წლით არ აპირებს და მას უფრო შორსმიმავალი გეგმები აქვს. ისეთი უპირატესობით და ისე რიხიანად მოიგო არჩევნები, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება და მას ყველა იმედიანად უყურებს. 2019 წლამდე (უეფას მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები) გამოჩნდება, რეალურად რა შეიცვლება ევროპულ ფეხბურთში მისი მმართველობის პერიოდში.'' - აცხადებს რევაზ არველაძე.

უეფას ახალი პრეზიდენტი, ალექსანდერ ჩეფერინი სლოვენიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს 2011 წლიდან იკავებს. ოთხშაბათს ათენში გამართულ უეფას საპრეზიდენტო არჩევნებში სლოვენიელის კონკურენტი ჰოლანდიელი მიხაელ ვან პრააგი იყო, რომელმაც 13 ხმა მიიღო. არჩევნებში მონაწილეობას აპირებს უეფას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ანხელ მარია ვილიარიც, თუმცა მან საკუთარი კანდიდატურა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხსნა.

0.114219