რაღა დარჩა, ორი დღე, ერთი ტურიც და ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი კალათბურთში დასრულდება. შესაბამისად, დანამდვილებით გვეცოდინება ითამაშებს თუ არა, ევრობასკეტ 2017-ზე საქართველოს ნაკრები – სანამ დეტალებზე გადავიდოდეთ, გეტყვით, რომ ფინალურ ეტაპზე 7 ჯგუფის გამარჯვებული და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი პირდაპირ გადის. ხსენებული 11-დან ოთხი ნაკრების ვინაობა უკვე გარკვეულია და მათ შორის ერთი, ჩვენი ბოლო მეტოქე მონტენეგროს ნაკრებია.
მონტენეგრო იქეთ იყოს და, ჩვენ ჩვენი გვაღელვებს – რა შემთხვევაში მოვიპოვებთ ევრობასკეტის ფინალური ეტაპის საგზურს?
თავიდან ის ვთქვათ, რომ ილიას ზუროსის გუნდს ჯგუფში პირველი ადგილზე გასვლის შანსი არ დაუკარგავს: ამისთვის ერთადერთი რამაა საჭირო – 17 სექტემბერს, პოდგორიცაში მინიმუმ სამქულიანი სხვაობით სძლიოს მონტენეგროს, რაც გავკადნიერდები და ვიტყვი: შეუძლებელი და წარმოუდგენელი სულაც არაა. დანარჩენ შემთხვევაში საქართველო მეორე ადგილს დაიკავებს F ჯგუფში, მაგრამ თუ მონტენეგროში ერთი ან ორი ქულის სხვაობით მოვიგებთ, ეს პირველ ადგილს ვერ, თუმცა ფინალური ეტაპის საგზურს ნამდვილად მოგვიტანს, რადგან სხვა ჯგუფებში მეორე ადგილზე ისეთი ნაკრები ვერ გავა, რომელსაც ექვსიდან 5 მოგება ექნება.
ახლა კი გადავიდეთ მეორე ეტაპზე: თუ ისე მოხდა, რომ მონტენეგროში წავაგეთ – გვექნება 4 მოგება, 2 წაგება, ისევე როგორც დანარჩენ მეორეადგილოსნებს და ყველაფერი ბურთების შეფარდებაზე მიდგება: და, რა ხდება ამ მხრივ? – პირველ ყოვლისა რაც უნდა აღვნიშნოთ ისაა, რომ ყველა ჯგუფის მეორეადგილოსანს გამოაკლდება იმ მატჩების შედეგი, რომელიც თავიანთი ჯგუფის ბოლოადგილოსანთან ექნებათ. რატომ? – შვიდიდან ერთი ჯგუფი სამგუნდიანია. შესაბამისად, დაითვლება მხოლოდ პირველ და მესამეადგილოსანთან ნაჩვენები შედეგები. ამ წუთისთვის საქართველოს ნაკრებს სლოვაკეთთან +59 აქვს, ხოლო მონტენეგროსთან -2. შესაბამისად, გამოვიდა, რომ ჯამში პლიუსში გვაქვს 57 ქულა, რაც ნამდვილად გვაძლევს მშვიდად ყოფნის საშუალებას. სხვა ნაკრებებს ამ შედეგთან მიახლოვებული ბალანსიც კი არ გააჩნიათ. მეტიც, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამგუნდიანი ჯგუფის მეორეადგილოსანი ბოსნია ჩვენი კონკურენტი აღარაა, რადგან ბოსნიელებმა ასპარეზობა უკვე დაასრულეს (2 მოგება, 2 მარცხი) და ბურთების შეფარდება -31 აქვთ. ანუ, გამოდის ბოსნიამ რომ გვაჯობოს, საქართველოს ნაკრებმა პოდგორიცაში ლამის 100 ქულიანი სხვაობით უნდა წააგოს...
და თუ ისე მოხდა, რომ ჩვენს ჯგუფში მესამე ადგილზე სლოვაკეთის ნაცვლად ალბანეთი გავიდა (ტირანაში მასპინძლებს 10 ქულით მოგება სჭირდებათ ამისთვის), არც მაშინ იცვლება ჩვენთვის რამე, რადგან ზუროსის ბიჭებმა ალბანეთს ორ თამაშში 59 ქულით აჯობეს. ანუ, ზუსტად იგივე ბალანსი გვაქვს მასთანაც, როგორიც სლოვაკეთთან.
ბოლო ტურის წინ, მეორეადგილოსანთა ჯგუფში საქართველო მესამე ადგილზეა და ჩამორჩება დიდ ბრიტანეთსა და ბოსნიას. ბოსნიაზე ზემოთ გითხარით, იგი თავის შედეგს ვეღარ გააუმჯობესებს და საქართველო მას მონტენეგროში მარცხის შემთხვევაშიც აჯობებს. რაც შეეხებათ ბრიტანელებს – მათ ბოლო ტურში სათამაშო ლუქსემბურგის ნაკრებთან აქვთ, რომელსაც ალბათ აჯობებენ, მაგრამ ეს შედეგი მათ მეორეადგილოსანთა ცხრილში არ გადმოჰყვებათ – ლუქსემბურგი ბოლო ადგილზე გავიდა ქვეჯგუფში. შესაბამისად, დიდი ბრიტანეთის გუნდთან ბურთების შეფარდებაზე მიდგება საქმე: ამ დროისთვის, მათი შედეგი +17 გახლავთ და ასეც დარჩება საბოლოოდ. გამოდის, ბრიტანეთმა რომ ვერ გვაჯობოს, საქართველოს მონტენეგროსთან 39 ქულით წაგების უფლებაც კი აქვს.
კონკურენტია ისლანდიის ნაკრებიც – ბოლო ტურში კუნძულელები შინ ბელგიას ეთამაშებიან, რომელიც უკვე ევროპის ჩემპიონატზეა და თუ მოუგებენ, საქართველოს ნაკრებს აჯობებენ, მაგრამ თუ ისლანდია (რომელიც სხვათა შორის, ბოლოადგილოსან შვედეთთან დამარცხდა წინა ტურში) ბელგიასთან წააგებს, მაშინ ისევ ბურთები დაითვლება. ამ დროისთვის ისლანდიას +18 აქვს, მაგრამ ბუნებრივია მარცხის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესდება და ჩვენი ნაკრების საქმეც გამარტივდება. დარჩა კიდევ სამი გუნდი: გერმანია, უკრაინა და ესტონეთი. უკრაინის ნაკრები სლოვენიას მიიღებს შინ და თუ მოიგებს გაასწრებს საქართველოს, მაგრამ თუ ამას ვერ მოახერხებს, მაშინ ჩვენს უკან დარჩება და შესაძლოა ევრობასკეტს მიღმაც აღმოჩნდეს. ესტონეთი დასკვნით ტურში პოლონეთს ხვდება და მხოლოდ მოგება მართებს. ამავე ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის შანსი აქვს ბელორუსის ნაკრებსაც, რომელიც აუტსაიდერ პორტუგალიას ხვდება, რომლის მაჩვენებელიც მას არ გადაყვება მეორეადგილოსანთა ცხრილში, თუმცა ორი მოგება ესტონეთთან და პოლონეთთან შეუნარჩუნდება და ბურთების შეფარდება მას -4 ექნება. შესაბამისად, ჩვენი ნაკრების კონკურენტი ისიც არაა. და ბოლოს გერმანიის ნაკრებზეც ვთქვათ: ალემანები ბოლო ტურში ლიდერ ჰოლანდიას გაეჯიბრებიან და რომც ვერ მოიგონ, დიდი შანსია ევრობასკეტზე მაინც გავიდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ძნელად წარმოსადგენია ცხრილში საქართველოზე მაღალი ადგილი დაიკავონ...
მოკლედ, როგორც უნდა იყოს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს საუკეთესო ოთხ მეორეადგილოსანს შორის ადგილი თითქმის განაღდებული აქვს. ზედიზედ მეოთხე ევრობასკეტზე რომ ვერ გავიდეთ, ამისთვის ალბათ არგაგონილი სასწაული უნდა მოხდეს, რასაც ბუნებრივია, ჩვენი კალათბურთელები არ დაუშვებენ – ასე რომ, წინ მიჯრით მეოთხე ევროპის ჩემპიონატისკენ!..