საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ძალზე ახლოსაა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლასთან და თუ ასე მოხდა, ეს იქნება ჩვენთვის მეოთხე ევრობასკეტი ზედიზედ. შესარჩევი ციკლის მეხუთე ტურის მატჩში საქართველომ "სპორტის სასახლეში" სლოვაკეთის ნაკრები მიიღო და ზედმეტი პრობლემების გარეშე დაამარცხა - 96:68.
ილიას ზუროსის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 12 ქულით იგებდა (51:39), ხოლო მოედანზე საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო. საქართველოს ნაკრების მსუბუქმა ფორვარდმა პირველ ტაიმში 24 ქულა დააგროვა, ხოლო მთლიანად შეხვედრა 28 წუთში მოპოვებული 31 ქულით დაასრულა. თორნიკემ 11-დან 9 ორქულიანი ჩააგდო, 3-დან 2 სამქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო. ამასთან მან ბურთის მოხსნა ექვსჯერ მოახერხა.
ზაზა ფაჩულიამ 27 წუთში გუნდს 10 ქულა და 7 მოხსნა შესძინა, ორმაგი დუბლით კი, დღეს ვერცერთი ქართველი გამოირჩა. 10 ქულიანი ზღვარი კი შენგელიასა და ფაჩულიას გარდა, მაიკლ დიქოსნმა, გიორგი შერმადინმა და ვიქტორ სანიკიძემ გადალახეს.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ამ გამარჯვების შემდეგ ჯგუფში ოთხი მოგება გაუხდა და მეორე ადგილზეა. ილიას ზუროსის გუნდი თუ სასწაული არ მოხდა, ევრობასკეტ 2017-ზე ითამაშებს, რადგან პოტენციურ კონკურენტებთან შედარებით ბურთების შეფარდება ბევრად უკეთესი აქვს. ამასთან, არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს პირველ ადგილზე გასვლის შანსიც აქვს - ამისათვის საჭიროა 17 სექტემბერს, პოდგორიცაში მონტენეგროს ნაკრებს მინიმუმ სამი ქულის სხვაობით მოუგოს. სწორედ ამ შეხვედრით დაასრულებს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს.
საქართველო - სლოვაკეთი 96:68 (30:19, 21:20, 20:16, 25:13)
შენგელია (30ქ, 6მ), ფაჩულია (10ქ, 7 მ), დიქსონი (11ქ, 6 ), სანიკიძე (11ქ, 8მ), ცინცაძე (7ქ, 8მ), შერმადინი (12ქ, 6მ).