მოჭიდავეთა თბილისური მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებისთვის წარმოუდგენლად წარუმატებელი გამოდგა. დღეს მედლების ხუთი კომპლექტი უნდა გათამაშდეს, მაგრამ საპრიზო სამეულები ხუთივე წონით კატეგორიაში ქართველების გარეშე შეივსება.
უმსუბუქეს წონაში – 42 კილოგრამში გიორგი ჩხიკვაძემ პირველსავე წრეში 4:12 წააგო თურქ ადემ ბურაკ უზუნთან. ლუკა ოჩიგავასთვისაც (46 კგ) თურქი მეტოქე აღმოჩნდა დაუძლეველი ზღუდე - კადირ კაზიმ კამალთან მეოთხედფინალში 0:8 დამარცხდა.
ლუკა ხუციშვილმა (76 კგ) მსოფლიოს პირველობაზე გამოსვლა მერვედფინალით დაიწყო და დაასრულა, ბელარუს მაქსიმ ბანდარენკასთან წაგებით (4:9).
მერვედფინალიდანვე გამოეთიშა ძირითად ბადეს 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიორგი ქაცანაშვილიც, ოღონდ ზემოთ ნახსენები თანაგუნდელებისგან განსხვავებით, რეპეშაჟშიც გადაერთო, რადგან მისი მომგები (5:1) უნგრელი ალექს გერგო სზოკე ფინალამდე მივიდა. ქაცანაშვილი "ბრინჯაოს მეოთხედფინალში” ბელარუს იჰარ იარაშევიჩს დაეჭიდა და 0:8 წააგო.
დავით ბედინაძის გაწვრთნილი გუნდიდან ფინალურ ბლოკში მოხვედრასთან ყველაზე ახლოს ლევან გოგუა (69 კგ) იყო, რომელსაც ოქრო-ვერცხლის გზა მეოთხედფინალში ჩაეკეტა, მომავალ ფინალისტთან – აზერბაიჯანელ ულვუ განიზადესთან წაგებით (0:3). რეპეშაჟის ნახევარფინალში გოგუამ ირანელ მოჰამადრეზა მაჰმუდ როსტამისთან 1:11 წააგო და საბოლოოდ მე-7 ადგილს დასჯერდა.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ორი ოქროს მედლით დაასრულა.