სხვა

13:41 | 14.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი იოკოძუნა ჰარუმაფუჯისთან დამარცხდა

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი აკი ბაშოს მე-4 დღეს იოკოძუნა ჰარუმაფუჯის გაეჯიბრა და სამწუხაროდ, ფავორიტის დამარცხება ვერ მოახერხა.

მონღოლმა სეკიტორმა ტოჩინოშინი იორიკირით დაამარცხა, რის შემდეგაც ლევანს ერთადერთი გამარჯვების წილ 3 წაგება მოუგროვდა.

დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდების მქონე გორგაძეს ხვალაც მძიმე შეხვედრა ელის, რადგანაც ძალებს კიდევ ერთ იოკოძუნა კაკურიუსთან მოსინჯავს.

აღსანიშნავია, რომ კარიერის განმავლობაში ქართველი სუმოისტი მონღოლს 19-ჯერ გადაჰყრია და ერთადერთი ბრძოლა აქვს მოგებული.

თანაბარი ბალანსის (2 მოგება, 2 მარცხი) დაფიქსირება მოახერხა გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა, რომელიც სექტემბრის სუპერტურნირზე დასავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით ირჯება. მე-4 საშეჯიბრო დღეს მან აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა დაიშომარუს ოშიდაშით სძლია.

15 სექტემბერს გაგამარუს პირისპირ დასავლეთის მე-13 მაეგაშირა ტოიოჰიბიკი დადგება, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც ჩვენებურს მინიმალური უარყოფითი ბალანსი (6:7) აქვს.

ამ დროისთვის მაქსიმალური შედეგით ტურნირს ოძეკი გოეიდო და რიგითი მაეგაშირები ოკინოუმი და კოტოიუკი ლიდერობენ.

0.13708